საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, შვეიცარიის საზღვართან ახლოს, ავტობუსის ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა 6 ნოემბერს, დილით, ენის დეპარტამენტის დასახლება ლენთან მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავტობუსი, რომლითაც მოსწავლეებიც მგზავრობდნენ, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

თავდაპირველად საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ ავარიას ორი ბავშვი ემსხვერპლა.

პროკურატურის ინფორმაციით, ავტობუსში 43 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 15 არასრულწლოვანი. შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ავარიის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები. დაშავებულთა გადასაყვანად გამოყენებული იყო ვერტმფრენებიც.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დასახლება ლენში გაიხსნა სპეციალური ცენტრი, სადაც დაზარალებულებსა და მათ ახლობლებს დროებით თავშესაფარსა და შესაბამის დახმარებას სთავაზობენ.

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა. დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემაც.

ადგილობრივმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გარემოებებში დაკარგა ავტობუსის მძღოლმა სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი.