სამი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს.
ორგანიზაციების ერთობლივი შეფასებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი საარჩევნო შედეგების გადამოწმების შესაძლებლობებს შეამცირებს, შეზღუდავს სასამართლო კონტროლს და საარჩევნო ადმინისტრირების შემდგომ ცენტრალიზაციას გამოიწვევს.
განსაკუთრებული კრიტიკის საგანია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური ან მექანიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით იქნება შესაძლებელი.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპზე სისტემური დარღვევებისა და არჩევნების შედეგებზე მათი შესაძლო ერთობლივი გავლენის სასამართლოში განხილვას გამორიცხავს.
მათი შეფასებით, ცალკეულ საარჩევნო უბნებზე დავის შესაძლებლობა ვერ ჩაანაცვლებს საბოლოო შედეგების სრულფასოვან სასამართლო კონტროლს, რადგან ზოგიერთი დარღვევის მასშტაბი შესაძლოა მხოლოდ სხვადასხვა უბნის მონაცემების ერთობლივი შესწავლის შედეგად გამოვლინდეს.
ორგანიზაციები პრობლემურად მიიჩნევენ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე საარჩევნო უბნების შედეგების სავალდებულო გადათვლის გაუქმებასაც. მათი განცხადებით, ეს მექანიზმი ხმების დათვლის სიზუსტის გადამოწმებისა და შესაძლო მანიპულაციების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის წესის ცვლილებას. შესაბამის გადაწყვეტილებებს საარჩევნო კომისიების ნაცვლად მათი თავმჯდომარეები ერთპიროვნულად მიიღებენ.
სამი ორგანიზაციის შეფასებით, კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა სუბიექტური და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების რისკს ზრდის.
სადამკვირვებლო ორგანიზაციები კანონპროექტის მომზადების პროცესსაც აკრიტიკებენ. მათი განცხადებით, ინიციატივას წინ არ უძღოდა საჯარო განხილვები და კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციასთან.
მათივე შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაში არსებითი ცვლილებების ფართო საზოგადოებრივი და პროფესიული განხილვის გარეშე განხორციელება ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის საარჩევნო სტანდარტებს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანი ელექტრონული კენჭისყრის სისტემის დანერგვის შემდეგ საარჩევნო პროცედურების გამარტივებაა. მისი განმარტებით, საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების შესაძლებლობა კვლავ შენარჩუნდება.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსსა“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ითვალისწინებს, პარლამენტში 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა.