საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ინვესტიციების ზრდა და ახალი სატრანსპორტო კავშირების პერსპექტივები განიხილეს თბილისში, ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია.

მინისტრის ინფორმაციით, ამ მაჩვენებლით ჩინეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც. მისი განცხადებით, 2002 წლიდან საქართველოში ჩინური ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთიდან 236 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და საქართველოს ხელისუფლება ჩინური ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას მომავალშიც გააგრძელებს.

„ჩვენ მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

თავის მხრივ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა განაცხადა, რომ პეკინი დაინტერესებულია საქართველოდან პროდუქციის იმპორტის ზრდითა და საქართველოში ჩინური კომპანიების საინვესტიციო საქმიანობის გაფართოებით.

„ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას“, – აღნიშნა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა.

ხან ჭენგის განცხადებით, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომლის განახლების შესახებ ოქმს მხარეებმა მიმდინარე წლის აპრილში მოაწერეს ხელი.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შუა დერეფნის განვითარებაც იყო. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო კავშირების გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი.

ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოებაზეც. მისი ინფორმაციით, ივლისში ურუმჩი-თბილისის რეისს შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისი დაემატა.

ამასთან, ავიაკომპანია China Eastern-თან მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2027 წლიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე კვირაში სამიდან ხუთამდე გაიზრდება.

ქვრივიშვილის განცხადებით, მხარეები ასევე განიხილავენ პეკინიდან, გუანჯოუდან და ჩენგდუდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესაძლებლობებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე ჟენ ხუნგპინი.

ჟენ ხუნგპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში ქართველი მეწარმეების მონაწილეობა ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტების ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს.

შეხვედრას საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.