თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება და საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბრისას ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაღრმავდება. მისი განცხადებით, ანკარა გააგრძელებს ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების დასაჩქარებლად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ დაძაბულობას.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ დაპირისპირება უნდა დასრულდეს, ხოლო არსებული უთანხმოებები დიპლომატიური გზით გადაიჭრას. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ თურქეთი მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით ძალისხმევას გააგრძელებს.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური პროცესები.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლო პერიოდში გააქტიურებული დიპლომატიური ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს. მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან კონტაქტების გააქტიურება.
თურქეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ანკარა ომის დასრულებისკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.
სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა დონალდ ტრამპს თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OTS) სამიტის მხარდაჭერისთვისაც მადლობა გადაუხადა.