აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ახალი პაკეტის მომზადებაზე მუშაობენ, რომლის სავარაუდო ღირებულება 15 მილიარდი დოლარი იქნება. ინფორმაციას Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დემოკრატები კონგრესში საკუთარი გავლენის გამოყენებას უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გასაძლიერებლად, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დასაწესებლად გეგმავენ.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში დემოკრატების ერთ-ერთი მრჩევლის განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებებზე მორგებული ახალი ფინანსური პაკეტის შემუშავებას განიხილავენ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, რომელიც დახმარების პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა.

Financial Times-ის ინფორმაციით, დემოკრატი კანონმდებლები დახმარების პაკეტის დასამტკიცებლად შესაძლოა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ყოველწლიური კანონი (NDAA) გამოიყენონ. აღნიშნული კანონმდებლობა კონგრესმა მოქმედი მოწვევის უფლებამოსილების დასრულებამდე უნდა განიხილოს.

ამასთან, გამოცემის წყაროების ცნობით, დემოკრატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასაც გეგმავენ.

კერძოდ, განიხილება რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის მიერ ინიცირებულ სანქციების კანონპროექტში ცვლილებების შეტანა, რაც მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემუშავებას ხანგრძლივი დრო დასჭირდა, თუმცა მიღებული ზომების ნაწილი მოგვიანებით გაუქმდა.

Financial Times-ის ცნობით, დემოკრატები უკრაინის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხების კონგრესის საკანონმდებლო დღის წესრიგში წინ წამოწევას აპირებენ.

ამ ეტაპზე უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივა მომზადების პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.