საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ფონდის მიერ მიღებული ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა. ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
ფონდის მონაცემებით, 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში სამივე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობა აჩვენა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კონსერვატიული პორტფელი ლიდერობს.
კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში კონსერვატიული პორტფელის ნომინალურმა შემოსავლიანობამ 8.60% შეადგინა, ხოლო ინფლაციის გათვალისწინებით რეალურმა შემოსავლიანობამ – 2.85%.
ამავე პერიოდში დაბალანსებული პორტფელის ნომინალური შემოსავლიანობა 8.11% იყო, რეალური – 2.38%, ხოლო დინამიკური პორტფელის შესაბამისმა მაჩვენებლებმა 7.41% და 1.72% შეადგინა.
რაც შეეხება უშუალოდ ოქტომბრის შედეგებს, კონსერვატიული პორტფელის ღირებულება 0.14%-ით გაიზარდა, დაბალანსებული პორტფელი 0.59%-ით შემცირდა, ხოლო დინამიკური პორტფელი – 1.34%-ით.
საპენსიო ფონდის განმარტებით, ოქტომბერში საინვესტიციო შედეგებზე გავლენა საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე არსებულმა გაურკვევლობამ მოახდინა, რაც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში კაპიტალური დანახარჯების ზრდას უკავშირდებოდა.
ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის 0.23%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა. ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა კი პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა იქონია.
კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე დაფიქსირებული ვარდნის გავლენა შეარბილა.
მიუხედავად ოქტომბერში დაფიქსირებული შემცირებისა, პორტფელების შექმნის დღიდან წლიურ საშუალო შემოსავლიანობით დინამიკური პორტფელი კვლავ ლიდერობს.
მისი გაწლიურებული ნომინალური შემოსავლიანობა 12.86%-ს შეადგენს, ხოლო რეალური – 8.42%-ს.
დაბალანსებული პორტფელის შესაბამისი მაჩვენებლებია 12.21% და 7.80%, ხოლო კონსერვატიული პორტფელის – 10.16% და 4.25%.
საპენსიო ფონდის ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოსთვის საპენსიო აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 10.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, დაგროვილი საინვესტიციო სარგებელი კი 3 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.
წყარო: საქართველოს საპენსიო ფონდი