1888 წელს ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში ხუთი ქალი მოკლეს. დანაშაულების ჩამდენი ვერასოდეს დაადგინეს, თუმცა მისი სახელი – ჯეკ მფატრავი – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრიმინალურ ლეგენდად იქცა. მკვლელობებიდან ერთი საუკუნის შემდეგ BBC-მ პოლიციის საარქივო მასალები შეისწავლა და დასვა კითხვა: ხომ არ შექმნეს ჟურნალისტებმა, საზოგადოებრივმა შიშებმა და ჭორებმა მკვლელის ისეთი სახე, რომელსაც რეალურ დამნაშავესთან შესაძლოა საერთო არაფერი ჰქონოდა?

1888 წლის 9 ნოემბერს ლონდონის ისტ-ენდში ქალი მოკლეს, რომელიც ჯეკ მფატრავის სახელთან დაკავშირებული ხუთი კანონიკური მსხვერპლიდან უკანასკნელად მიიჩნევა.

ამ დროისთვის ბრიტანეთის დედაქალაქი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა შიშით, რომელიც სასტიკი მკვლელობების სერიამ გამოიწვია.

თუმცა ლონდონში მხოლოდ რეალური დანაშაულები არ აშინებდათ. ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა საშინელებათა ისტორიები, იდუმალი დამნაშავეები და ადამიანური ბუნების ბნელი მხარეების ამსახველი ნაწარმოებები.

ლონდონის ლიცეუმის თეატრში იმ პერიოდში იდგმებოდა „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია“.

თეატრის მმართველი ბრემ სტოკერი იყო, რომელმაც მოგვიანებით რომანი „დრაკულა“ დაწერა.

უკვე გამოჩენილი იყო ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსიც, რომლის პირველი ისტორია 1887 წელს გამოქვეყნდა.

სწორედ ასეთ კულტურულ გარემოში რეალური მკვლელობების ისტორია თანდათან ლეგენდად გადაიქცა.

როგორ დაუკავშირეს ჯეკ მფატრავი დოქტორ ჯეკილსა და მისტერ ჰაიდს?

1886 წელს გამოქვეყნებული რობერტ ლუის სტივენსონის ნაწარმოები „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ისტორია“ ადამიანის ორმაგ ბუნებას აღწერდა.

ერთი შეხედვით პატივსაცემი ექიმი საკუთარ თავში სასტიკ და სახიფათო პიროვნებას მალავდა.

1888 წლის აგვისტოში ნაწარმოების თეატრალური წარმოდგენა ლონდონში დაიდგა.

მთავარ როლებს ამერიკელი მსახიობი რიჩარდ მენსფილდი ასრულებდა, რომლის გარდასახვა დოქტორ ჯეკილიდან მისტერ ჰაიდად მაყურებელზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა.

იმავე პერიოდში ლონდონის ისტ-ენდში მკვლელობები დაიწყო.

მალე პრესამ სცენაზე წარმოდგენილი ბოროტმოქმედი რეალურ დამნაშავეს დაუკავშირა.

კულტურის ისტორიკოსმა კრისტოფერ ფრეილინგმა 1988 წელს BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოვლენები თითქმის წინასწარმეტყველურ დამთხვევას ჰგავდა.

მისი განმარტებით, თეატრალური პრემიერიდან რამდენიმე კვირაში გაზეთები უკვე წერდნენ აღმოსავლეთ ლონდონში მოქმედ იდუმალ „მისტერ ჰაიდზე“.

ფანტასტიკური ლიტერატურის პერსონაჟები და რეალური მკვლელი საზოგადოებრივ წარმოსახვაში ერთმანეთს შეერწყა.

მენსფილდის სამსახიობო შესრულება იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა მაყურებელმა პოლიციას წერილიც კი გაუგზავნა და ივარაუდა, რომ მკვლელი შესაძლოა თავად მსახიობი ყოფილიყო.

მენსფილდი საზოგადოებრივი ნდობის აღდგენას კომედიური საქველმოქმედო წარმოდგენებით ცდილობდა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იმ დროს დაწერა, რომ ლონდონელებს სცენაზე საშინელებათა ნახვის სურვილი აღარ ჰქონდათ, რადგან ქუჩებში ისედაც საკმარისი მიზეზი არსებობდა შიშისთვის.

გაზეთი, რომელმაც მკვლელობების ისტორია შეცვალა

ჯეკ მფატრავის ლეგენდის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ლონდონურმა გაზეთმა Pall Mall Gazette-მა.

მისი რედაქტორი უილიამ თომას სტედი ჟურნალისტიკის ახალ, სენსაციურ სტილს ავითარებდა.

ეს მიდგომა მოგვიანებით ტაბლოიდური ჟურნალისტიკის ერთ-ერთ წინამორბედად იქცა.

სტედი საზოგადოებრივი რეფორმების აქტიური მხარდამჭერი იყო.

მას განსაკუთრებით აინტერესებდა სიღარიბე, პროსტიტუცია, სოციალური უთანასწორობა და გავლენიანი ადამიანების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

ამასთან, მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ლონდონის პოლიციის კომისარ ჩარლზ უორენთან.

სტედი პოლიციას ადრე მომხდარი მოვლენების გამოც აკრიტიკებდა, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების გამო.

როდესაც 1888 წლის 31 აგვისტოს ჯეკ მფატრავის სახელთან დაკავშირებული პირველი კანონიკური მკვლელობა მოხდა, გაზეთებმა დანაშაული მაშინვე ფართო საზოგადოებრივ პრობლემებს დაუკავშირეს.

მკვლელობების გაშუქება მხოლოდ ფაქტების გადმოცემით აღარ შემოიფარგლებოდა.

ჟურნალისტები ცდილობდნენ დაედგინათ, როგორი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო დამნაშავე, რა სოციალური წრიდან მოდიოდა და რა მოტივით მოქმედებდა.

სწორედ ამ დროს დაიწყო მკვლელის შესაძლო ვინაობის შესახებ ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიების გავრცელება.

არისტოკრატი, ექიმი თუ იმიგრანტი – როგორ გაჩნდა ეჭვმიტანილის სამი სახე?

1888 წლის სექტემბერში Pall Mall Gazette-მა წამოაყენა ვარაუდი, რომ მკვლელი შესაძლოა მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ყოფილიყო.

ეს მოსაზრება იმდროინდელ სოციალურ განწყობებს უკავშირდებოდა.

ისტორიკოს ჯუდით უოლკოვიცის განმარტებით, ბრიტანეთში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანიები პროსტიტუციის, ქალთა ექსპლუატაციისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ღარიბი გოგონებისა და ქალების მდგომარეობა, რომლებიც შეძლებული მამაკაცების მხრიდან ექსპლუატაციის საფრთხის წინაშე იდგნენ.

თავად სტედს მანამდე გამოქვეყნებული ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ.

ამ გარემოში გავლენიანი, გარეგნულად პატივსაცემი, მაგრამ ფარულად სასტიკი მამაკაცის სახე საზოგადოების ნაწილს დამაჯერებლად ეჩვენებოდა.

გაჩნდა მეორე ვერსიაც – მკვლელი შესაძლოა ექიმი ან ქირურგი ყოფილიყო.

ამის საფუძვლად ჟურნალისტები მსხვერპლთა სხეულებზე აღმოჩენილ დაზიანებებს ასახელებდნენ.

საზოგადოებაში გაძლიერდა შიში, რომ დამნაშავეს ანატომიური ცოდნა ჰქონდა.

კონსერვატიული გამოცემების ნაწილმა კი ყურადღება ლონდონის აღმოსავლეთ უბნებში მცხოვრებ იმიგრანტებზე გადაიტანა.

ასე ჩამოყალიბდა სამი ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა: მკვლელი შეიძლებოდა ყოფილიყო არისტოკრატი, სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი ან უცხოელი.

თუმცა ამ ვარაუდებს დამაჯერებელი მტკიცებულებები არ ახლდა.

როგორ იქცა რეალური დანაშაული გამოგონილ ისტორიად?

კრისტოფერ ფრეილინგის შეფასებით, 1888 წლის შემოდგომაზე მკვლელობების ამბავი ფაქტობრივად მხატვრულ სიუჟეტად გადაიქცა.

გაზეთებმა რეალური დანაშაულები მორალური დაპირისპირების ისტორიად წარმოადგინეს, რომელშიც დამნაშავეს საზოგადოების შიშებისა და წინასწარგანწყობების შესაბამისი სახე უნდა ჰქონოდა.

მკვლელის შესახებ წარმოსახვითი წარმოდგენები ზოგჯერ რეალურ საგამოძიებო მასალებზე უფრო გავლენიანი ხდებოდა.

ფრეილინგის აზრით, ჯეკ მფატრავის ცნობილი სახე ლონდონის აღმოსავლეთის ღარიბ უბნებში კი არ ჩამოყალიბდა, არამედ დასავლეთ ლონდონის შეძლებული საზოგადოების კლუბებსა და გაზეთების რედაქციებში.

მკვლელობების შესახებ შეზღუდული ინფორმაციის საფუძველზე ჟურნალისტებმა ისეთი პერსონაჟი შექმნეს, რომელიც საზოგადოებისთვის განსაკუთრებით შემაძრწუნებელი და ამავე დროს მიმზიდველი აღმოჩნდა.

ამ პროცესში თავად მსხვერპლთა ისტორიები ხშირად მეორე პლანზე გადადიოდა.

ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა არა მოკლული ქალების ცხოვრება, არამედ დამნაშავის იდუმალი პიროვნება.

რას აჩვენებდა პოლიციის საიდუმლო დოკუმენტები?

1988 წელს, მკვლელობებიდან ასი წლის შემდეგ, BBC-მ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის თავდაპირველი საარქივო მასალები ხელახლა შეისწავლა.

მკვლევრებს აინტერესებდათ, რამდენად შეესაბამებოდა პოპულარული ლეგენდა რეალურ გამოძიებას.

ფრეილინგის შეფასებით, დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა ადამიანის მიერ გაგზავნილი ასობით წერილისგან შედგებოდა.

ზოგიერთი მათგანი აშკარად გამოგონილ ინფორმაციას შეიცავდა.

წერილების ნაწილს ხელს აწერდნენ სახელით „ჯეკ მფატრავი“, რომელიც ძალიან სწრაფად გავრცელდა და სხვადასხვა ფორმით იწერებოდა.

თუმცა საარქივო მასალებში აღმოჩნდა ერთი განსაკუთრებით საინტერესო დოკუმენტი.

ეს იყო 1894 წელს, მკვლელობებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სკოტლანდ-იარდის მაღალი თანამდებობის პირის, მელვილ მაკნატენის მიერ შედგენილი მემორანდუმი.

მასში სამი სავარაუდო ეჭვმიტანილი იყო დასახელებული.

ვინ იყვნენ პოლიციის მიერ დასახელებული სამი ეჭვმიტანილი?

პირველი იყო მონტეგიუ ჯონ დრუიტი – იურისტი, რომლის ცხედარიც 1888 წლის დეკემბერში მდინარე ტემზაში აღმოაჩინეს.

მაკნატენს შეცდომით მიაჩნდა, რომ დრუიტი ექიმი იყო.

მეორე ეჭვმიტანილი იყო აარონ კოსმინსკი – პოლონეთიდან ჩასული ებრაელი იმიგრანტი, რომელიც უაიტჩეპელში ცხოვრობდა და მოგვიანებით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს.

მესამე იყო მაიკლ ოსტროგი – რუსეთში დაბადებული პირი, რომელსაც კრიმინალური წარსული ჰქონდა და რომლის შესახებაც სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული ცნობები ვრცელდებოდა.

თუმცა მკვლევრის შეფასებით, ამ სამი ადამიანის წინააღმდეგ საკმარისი და დამაჯერებელი  მტკიცებულებები არ არსებობდა.

ფრეილინგმა ყურადღება ერთ მნიშვნელოვან გარემოებას მიაქცია.

სამივე ეჭვმიტანილი თითქმის ზუსტად შეესაბამებოდა იმ ტიპებს, რომლებსაც გაზეთები 1888 წელს აქტიურად განიხილავდნენ: პატივსაცემ საზოგადოებასთან დაკავშირებული პირი, იმიგრანტი და სავარაუდო ექიმი.

ამან მკვლევარს გაუჩინა კითხვა – იყო თუ არა პოლიციის დასკვნა დამოუკიდებელი გამოძიების შედეგი, თუ თავად გამომძიებლებზეც მოქმედებდა საზოგადოებაში გავრცელებული მითები?

შეიძლებოდა თუ არა პრესას გამოძიებაზეც მოეხდინა გავლენა?

ფრეილინგის აზრით, ჯეკ მფატრავის ისტორიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მკვლელის შესახებ წარმოდგენები მტკიცებულებებზე ადრე ჩამოყალიბდა.

საზოგადოება ელოდა, რომ დამნაშავე აუცილებლად განსაკუთრებული პიროვნება უნდა ყოფილიყო.

მას ეძებდნენ არისტოკრატებში, ექიმებში, უცხოელებში, ხელოვანებსა და ადამიანებში, რომლებიც ვიქტორიანული საზოგადოების თვალში საეჭვოდ გამოიყურებოდნენ.

თუმცა მკვლელი შესაძლოა არცერთ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა.

ფრეილინგი ვარაუდობდა, რომ რეალური დამნაშავის ძიება სწორედ ამ წინასწარ შექმნილმა წარმოდგენებმა გაართულა.

მისი შეფასებით, ჯეკ მფატრავის სახელით ცნობილი პიროვნება, რომლის შესახებაც საზოგადოებამ უამრავი ისტორია მოისმინა, შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ ადამიანისგან, რომელმაც ხუთი ქალი მოკლა.

ამასთან, მკვლელის ვინაობა დღემდე დადასტურებული არ არის.

მკვლელობების შესახებ სხვადასხვა თეორია კვლავ არსებობს, თუმცა არცერთი მათგანი საყოველთაოდ აღიარებულ, საბოლოო დასკვნად არ ქცეულა.

წყარო: BBC