1977 წლის 5 აპრილს სან-ფრანცისკოში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ამერიკის ხელისუფლებისგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა მოეთხოვა. საპროტესტო აქცია მალე ფედერალური შენობის 26-დღიან დაკავებაში გადაიზარდა – ეს აშშ-ის ისტორიაში ფედერალური შენობის ყველაზე ხანგრძლივ მშვიდობიან დაკავებად იქცა. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ჯუდი ჰიუმენი იყო, ქალი, რომელსაც ბავშვობაში სკოლაში შესვლის უფლება არ მისცეს, მოგვიანებით კი მასწავლებლად მუშაობაზე უარი უთხრეს. მისმა ბრძოლამ ამერიკაში სამოქალაქო უფლებების შესახებ წარმოდგენები შეცვალა.

1977 წლის აპრილის ერთ დილას ჯუდი ჰიუმენი საპროტესტო აქციაზე წასასვლელად ემზადებოდა.

სახლიდან გასვლამდე მან პირად ასისტენტს სთხოვა, ჩანთაში კბილის ჯაგრისი და დამატებითი საცვალი ჩაედო.

იცოდა, რომ იმ საღამოს შესაძლოა შინ ვერ დაბრუნებულიყო. არც ის გამორიცხა, რომ პროტესტი რამდენიმე დღეს გაგრძელდებოდა.

თუმცა მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დემონსტრანტები ფედერალურ შენობაში თითქმის ერთი თვის განმავლობაში დარჩებოდნენ.

ჰიუმენი სან-ფრანცისკოს ფედერალურ შენობასთან ელექტროშშმ ეტლით მივიდა. მის ქურთუკს ეკრა სტიკერი წარწერით – „ხელი მოაწერეთ 504-ე მუხლს“.

ეს მოთხოვნა ამერიკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მოძრაობის ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ მოვლენად იქცა.

კანონი, რომელიც არსებობდა, მაგრამ არ სრულდებოდა

1973 წელს შეერთებულმა შტატებმა მიიღო რეაბილიტაციის აქტი, რომლის 504-ე მუხლი კრძალავდა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციას იმ პროგრამებსა და დაწესებულებებში, რომლებიც ფედერალურ დაფინანსებას იღებდნენ.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ფედერალური საკანონმდებლო გარანტია, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ უთანასწორო მოპყრობა სამოქალაქო უფლებების დარღვევად განსაზღვრა.

თუმცა კანონის მიღებას მისი პრაქტიკაში განხორციელება არ მოჰყოლია.

504-ე მუხლის თავდაპირველი ტექსტი მხოლოდ ერთი წინადადებისგან შედგებოდა. იმისთვის, რომ სკოლებს, უნივერსიტეტებს, საავადმყოფოებსა და სხვა დაწესებულებებს კონკრეტული ვალდებულებები ჰქონოდათ, აუცილებელი იყო შესაბამისი რეგულაციების დამტკიცება.

ოთხი წლის განმავლობაში ეს პროცესი ჭიანურდებოდა.

პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციამ რეგულაციების პროექტი მოამზადა, თუმცა საბოლოოდ არ დაამტკიცა.

1977 წლის იანვარში ხელისუფლებაში ჯიმი კარტერი მოვიდა. ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის ახალმა მდივანმა ჯოზეფ კალიფანომ დოკუმენტების დამატებითი შესწავლისთვის დრო მოითხოვა.

აქტივისტები შიშობდნენ, რომ გაჭიანურება რეგულაციების შესუსტებას ან მათ კიდევ უფრო დიდი ხნით გადადებას გამოიწვევდა.

ამიტომ გადაწყვიტეს, ხელისუფლებაზე ზეწოლა მასობრივი პროტესტით გაეძლიერებინათ.

გოგონა, რომელსაც სკოლაში არ იღებდნენ

ჯუდი ჰიუმენი 1947 წელს დაიბადა.

18 თვის ასაკში მას პოლიომიელიტი შეეყარა, რის შედეგადაც სიარულის უნარი დაკარგა.

მისი მშობლები გერმანიიდან ემიგრირებული ებრაელები იყვნენ, რომელთა ოჯახის წევრები ჰოლოკოსტს ემსხვერპლნენ.

მათ სურდათ, ქალიშვილს განათლებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონოდა.

თუმცა როდესაც დედამ ჯუდის საბავშვო ბაღში ჩარიცხვა სცადა, დაწესებულების ხელმძღვანელმა უარი უთხრა.

მიზეზად ის დაასახელა, რომ ეტლით მოსარგებლე ბავშვი ხანძრის შემთხვევაში საფრთხეს შექმნიდა.

ჰიუმენმა სკოლაში სწავლა მხოლოდ მეოთხე კლასიდან შეძლო.

მოგვიანებით მან საშუალო სკოლა დაამთავრა და ლონგ-აილენდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მისი მიზანი მასწავლებლობა იყო.

თუმცა ახალი დაბრკოლება პროფესიული კარიერის დასაწყისში შეხვდა.

ნიუ-იორკის განათლების საბჭომ მას მასწავლებლის ლიცენზიის გაცემაზე უარი უთხრა.

ჰიუმენმა წერილობითი და ზეპირი გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ უწყებამ დაასკვნა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

„ოფიციალურად ბავშვებისთვის საშიშ ადამიანად მიმიჩნიეს მხოლოდ იმიტომ, რომ სიარული არ შემეძლო“, – იხსენებდა ის მოგვიანებით.

1970 წელს, 22 წლის ასაკში, ჰიუმენმა განათლების საბჭოს სასამართლოში უჩივლა.

საქმემ მედიის ყურადღება მიიპყრო.

ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ ამტკიცებდნენ, რომ ხანძრის შემთხვევაში მას მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაუჭირდებოდა.

ჰიუმენი პასუხობდა, რომ ელექტროეტლით ზოგიერთ ფეხით მოსიარულე კოლეგაზე სწრაფად გადაადგილდებოდა.

საბოლოოდ, განათლების საბჭომ პოზიცია შეცვალა.

ჰიუმენი ნიუ-იორკის საჯარო სკოლების სისტემაში ეტლით მოსარგებლე ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი გახდა.

დღე, როდესაც დემონსტრანტებმა შენობის დატოვებაზე უარი თქვეს

1977 წლის 5 აპრილს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა საპროტესტო აქციები ამერიკის რამდენიმე ქალაქში გამართეს.

სან-ფრანცისკოში დემონსტრანტები ფედერალურ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის რეგიონული ოფისი მდებარეობდა.

ჰიუმენმა შეკრებილებს საკუთარი ბავშვობის გამოცდილება გაუზიარა.

მან გაიხსენა, როგორ არ აძლევდნენ სკოლაში შესვლის უფლებას და როგორ ხვდებოდა კლასში ისეთ მოსწავლეებს, რომლებსაც განათლებაზე წლების განმავლობაში ხელი არ მიუწვდებოდათ.

გამოსვლის დასრულების შემდეგ მან დემონსტრანტებს შენობაში შესვლისკენ მოუწოდა.

ასობით ადამიანი მეოთხე სართულზე ავიდა და დეპარტამენტის რეგიონულ დირექტორ ჯო მალდონადოსთან შეხვედრა მოითხოვა.

როდესაც ჰიუმენმა 504-ე მუხლის რეგულაციების შესახებ ჰკითხა, მალდონადომ, მისი მონათხრობის მიხედვით, გაკვირვებით უპასუხა:

„რა არის 504-ე მუხლი?“

რეგიონული ხელმძღვანელი, როგორც აღმოჩნდა, იმ დებულებასაც კი არ იცნობდა, რომლის შესრულებასაც დემონსტრანტები მოითხოვდნენ.

ჰიუმენმა განაცხადა, რომ ისინი შენობას კონკრეტული გარანტიების მიღებამდე არ დატოვებდნენ.

იმ საღამოს სახელმწიფო მოხელეები შინ წავიდნენ.

დემონსტრანტები კი დარჩნენ.

26 დღე ფედერალურ შენობაში

პირველ ღამეს შენობაში დაახლოებით 75 ადამიანი დარჩა.

მათ შორის იყვნენ ეტლით მოსარგებლეები, უსინათლოები, სმენადაქვეითებული  ადამიანები, ასევე პირები, რომლებსაც ყოველდღიური სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ.

ზოგიერთს აუცილებელი მედიკამენტების მიღება უწევდა, სხვებს კი დახმარება სჭირდებოდათ გადაადგილებაში, პირად ჰიგიენასა და ძილის დროს პოზიციის შეცვლაში.

დემონსტრანტებმა სწრაფად შექმნეს ურთიერთდახმარების სისტემა.

აქტივისტმა კიტი კონმა მედიკამენტების შესანახად იმპროვიზებული მაცივარიც მოაწყო – მუყაოს ყუთი კონდიციონერს მიამაგრა.

სხვა ქალაქებში გამართული მსგავსი აქციები მალევე დასრულდა.

ვაშინგტონში დემონსტრანტებს საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომა შეუზღუდეს, რის გამოც შენობა ერთი ღამის შემდეგ დატოვეს.

სან-ფრანცისკოში კი პროტესტი გრძელდებოდა.

დემონსტრანტები ერთმანეთს ყოველდღიურად მხოლოდ ერთი დღით დარჩენას სთხოვდნენ.

ჰიუმენი მოგვიანებით იხსენებდა, რომ არავის შეეძლო ადამიანებისთვის განუსაზღვრელი ვადით დარჩენა მოეთხოვა.

მათი მთავარი შეკითხვა იყო: შეძლებ კიდევ ერთი ღამით დარჩენას?

როგორ ცდილობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები პროტესტის შეზღუდვას

მესამე დღეს ადგილობრივმა ტელევიზიამ შენობაში შექმნილი ვითარების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, დემონსტრანტები დაღლილები იყვნენ და რთულ პირობებში ცხოვრობდნენ, თუმცა პროტესტის გაგრძელებას აპირებდნენ.

შენობის მეოთხე სართულზე ცხელი წყალი გათიშეს.

ასევე შეიზღუდა სატელეფონო კომუნიკაცია.

დემონსტრანტებს მხოლოდ დერეფანში არსებული ორი ფასიანი ტელეფონის გამოყენება შეეძლოთ, რომლებიც ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის მიუწვდომელი იყო.

სწორედ ეს გარემოება იქცა პროტესტის არსის თვალსაჩინო მაგალითად: ადამიანები თანაბარ უფლებებს მოითხოვდნენ შენობაში, რომელიც თავადაც არ იყო მათ საჭიროებებზე მორგებული.

კომუნიკაციის შესანარჩუნებლად აქტივისტებმა გამოსავალს მიაგნეს.

სმენადაქვეითებული დემონსტრანტები ფანჯრებთან დგებოდნენ და ჟესტური ენით ინფორმაციას გარეთ მყოფ თარჯიმნებს გადასცემდნენ.

ამ გზით შეტყობინებები ჟურნალისტებამდე და მხარდამჭერებამდე აღწევდა.

მოულოდნელი მოკავშირეები

პროტესტს სხვადასხვა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფი შეუერთდა.

მხარდამჭერთა შორის იყვნენ რელიგიური ორგანიზაციები, პროფკავშირები, ფერმერთა უფლებების დამცველი მოძრაობები და ლგბტ აქტივისტები.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა „შავი პანტერების“ დახმარებას.

ორგანიზაციის წევრები დემონსტრანტებს ყოველდღიურად ცხელ საკვებს აწვდიდნენ.

ამ მხარდაჭერამ შენობაში დარჩენილ ადამიანებს საშუალება მისცა, პროტესტი გაეგრძელებინათ.

სან-ფრანცისკოს მერი ჯორჯ მოსკონეც აქტიურად ჩაერთო.

პროტესტის მეთოთხმეტე დღეს მან დემონსტრანტებს პირსახოცები, საპონი და გრძელი მილები მიუტანა, რომლითაც ხელსაბანები დროებით საშხაპეებად უნდა გადაეკეთებინათ.

ფედერალურმა მოხელეებმა თავდაპირველად ამის ნებართვა არ გასცეს.

მათი არგუმენტი იყო, რომ სახელმწიფო შენობა სასტუმრო არ გახლდათ.

მერმა გადაწყვეტილება გააპროტესტა და საკითხის პრეზიდენტამდე მიტანითაც დაიმუქრა.

საბოლოოდ, დემონსტრანტებს ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების საშუალება მიეცათ.

დაპირისპირება ხელისუფლებასთან

პროტესტის მეთერთმეტე დღეს კალიფორნიის ორმა კონგრესმენმა, ფილიპ ბარტონმა და ჯორჯ მილერმა, შენობაში 504-ე მუხლის საკითხზე სპეციალური მოსმენა გამართა.

დემონსტრანტებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი გამოცდილების შესახებ ოფიციალურად ესაუბრათ.

მოსმენაზე დეპარტამენტის წარმომადგენელმა იუჯინ აიდენბერგმა ერთ-ერთი ჰიპოთეტური მიდგომის აღწერისას გამოიყენა გამოთქმა „განცალკევებული, მაგრამ თანასწორი“.

ამ სიტყვებს ამერიკის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

წარსულში სწორედ ამ პრინციპით ამართლებდნენ რასობრივ სეგრეგაციას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელი იყო.

მათი მიზანი ცალკე, ფორმალურად თანასწორი დაწესებულებების შექმნა კი არა, საერთო საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ სივრცეებზე რეალური წვდომა გახლდათ.

აიდენბერგმა მოგვიანებით განმარტა, რომ ხელისუფლებას სეგრეგაციის მსგავსი სისტემის დანერგვა არ განუზრახავს.

თუმცა მისმა სიტყვებმა პროტესტი კიდევ უფრო გააძლიერა.

ჯუდი ჰიუმენი ვაშინგტონში

დემონსტრანტებმა გადაწყვიტეს, რომ მოძრაობის ლიდერების ნაწილი ვაშინგტონში გაეგზავნათ.

სან-ფრანცისკოში დარჩენილი აქტივისტები შენობის დაკავებას გააგრძელებდნენ, ხოლო დელეგაცია ფედერალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას შეეცდებოდა.

ვაშინგტონში გადაადგილებისთვის ჯგუფმა დიდი სატვირთო ავტომობილი გამოიყენა, რადგან ის მრავალი ეტლით მოსარგებლე ადამიანის გადასაყვანად შედარებით ხელმისაწვდომ საშუალებად მიიჩნიეს.

აქტივისტებმა ღამე ჯოზეფ კალიფანოს სახლთან გაატარეს.

ისინი სანთლების შუქზე თავისუფლების შესახებ სიმღერებს მღეროდნენ.

მეორე დილით კალიფანომ სახლი უკანა გასასვლელიდან დატოვა.

დემონსტრანტებმა აქციები თეთრ სახლთანაც გამართეს და სენატორებს შეხვდნენ.

თუმცა არც პრეზიდენტმა და არც კალიფანომ მათთან შეხვედრა არ ისურვეს.

22 აპრილს ჰიუმენი და მისი თანამებრძოლები კვლავ მივიდნენ დეპარტამენტის შენობასთან.

დაცვამ ისინი შიგნით არ შეუშვა.

გაბრაზებულმა ჰიუმენმა ელექტროეტლი პირდაპირ შესასვლელისკენ მიმართა და კარს შეეჯახა.

ეს ეპიზოდი მოგვიანებით მისი შეუპოვრობის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

გამარჯვება, რომელმაც ამერიკული კანონმდებლობა შეცვალა

1977 წლის 28 აპრილს ჯოზეფ კალიფანომ საბოლოოდ მოაწერა ხელი 504-ე მუხლის განხორციელებისთვის აუცილებელ რეგულაციებს.

დოკუმენტი მხოლოდ მცირე ცვლილებებით დამტკიცდა.

ჰიუმენმა ეს ამბავი ვაშინგტონში, ერთ-ერთ ბარში, ტელევიზიით შეიტყო.

სან-ფრანცისკოს ფედერალურ შენობაში დარჩენილი დემონსტრანტებისთვის ეს გამარჯვების მომენტი იყო.

ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, იცინოდნენ და ტიროდნენ.

თუმცა გამარჯვებას მოულოდნელი ემოციაც ახლდა.

ჰიუმენის მოგონებების მიხედვით, ბევრ მონაწილეს შენობის დატოვება უჭირდა, რადგან თითქმის ერთი თვის განმავლობაში მათ შორის განსაკუთრებული ერთობა ჩამოყალიბდა.

რეგულაციების დამტკიცებამ ათასობით ფედერალურად დაფინანსებულ დაწესებულებას ახალი ვალდებულებები დაუწესა.

სკოლებსა და უნივერსიტეტებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლებაზე თანაბარი წვდომა უნდა უზრუნველეყოთ.

საავადმყოფოებს ყრუ პაციენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეექმნათ.

დამსაქმებლებს კი კვალიფიციური თანამშრომლებისთვის გონივრული მისადაგების ზომების მიღება დაევალათ.

ამ ცვლილებებმა მილიონობით ამერიკელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე იქონია გავლენა.

როგორ შეცვალა პროტესტმა შეზღუდული შესაძლებლობის აღქმა

1970-იან წლებში ამერიკულ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობა ხშირად მხოლოდ სამედიცინო ან საქველმოქმედო საკითხთან ასოცირდებოდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ხშირად აღიქვამდნენ დახმარების მიმღებ პირებად და არა მოქალაქეებად, რომლებსაც თანაბარი უფლებები ჰქონდათ.

504-ე მუხლისთვის ბრძოლამ ეს წარმოდგენა შეცვალა.

აქტივისტები ამტკიცებდნენ, რომ პრობლემა ყოველთვის ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაში არ იყო.

ხშირად დაბრკოლებას ქმნიდა თავად საზოგადოება – მიუწვდომელი შენობები, ტრანსპორტი, განათლების სისტემა და დისკრიმინაციული წესები.

ამ მიდგომამ შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელის განვითარებას შეუწყო ხელი.

მისი მთავარი იდეაა, რომ საზოგადოებრივი გარემო და სისტემები ყველა ადამიანის საჭიროებას უნდა ითვალისწინებდეს.

1990 წელს შეერთებულმა შტატებმა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკელების შესახებ კანონი – Americans with Disabilities Act (ADA).

ამ კანონმა დისკრიმინაციის აკრძალვა საზოგადოებრივი ცხოვრების გაცილებით ფართო სფეროებზე გაავრცელა.

504-ე მუხლისთვის ბრძოლა ამ ისტორიული ცვლილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად მიიჩნევა.

ისტორია, რომელიც კინოში გაცოცხლდა

თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ 1977 წლის პროტესტი ფილმის – „Being Heumann“ – მთავარ თემად იქცა.

სურათი ჯუდი ჰიუმენის ამავე სახელწოდების მემუარებს ეფუძნება.

ფილმის რეჟისორია შან ჰედერი, რომელმაც 2021 წელს გადაღებული „CODA“-სთვის ოსკარი მიიღო.

ჯუდი ჰიუმენის როლს რუთ მედლი ასრულებს, ხოლო ჯოზეფ კალიფანოს – მარკ რუფალო.

რეჟისორის თქმით, ჰიუმენის ცხოვრების შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიის მოყოლა შეიძლებოდა, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი სწორედ 26-დღიანი პროტესტი აღმოჩნდა.

ჰედერი ცდილობდა, ისტორიული მოვლენები მაქსიმალურად ზუსტად აღედგინა.

ამისთვის მან საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ინტერვიუები ჩაწერა, საარქივო მასალები შეისწავლა და ძველი გაზეთები მოიძია.

რეჟისორის განმარტებით, ბევრი მონაწილე უკვე გარდაცვლილი იყო, რის გამოც ამ ისტორიის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.

თავად ჯუდი ჰიუმენი ფილმის შექმნის პროცესში ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა.

ის 2023 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1977 წლის სან-ფრანცისკოს პროტესტმა აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა მხოლოდ კეთილი ნების საკითხი არ არის – ეს სახელმწიფოსა და საზოგადოების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.

26 დღის განმავლობაში დემონსტრანტებმა ფედერალური შენობა არ დატოვეს, სანამ ხელისუფლება კანონის პრაქტიკაში განხორციელებაზე არ დათანხმდა.

მათი გამარჯვება ამერიკის სამოქალაქო უფლებების ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად დარჩა და საფუძველი შეუქმნა ცვლილებებს, რომლებმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

წყარო: Smithsonian Magazine