ბულგარეთში, ,,თრაკიას“ ავტომაგისტრალზე მომხდარი ორი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. ინფორმაციას ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო BTA ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ იამბოლთან ახლოს, ავტომაგისტრალ თრაკიაზე მოხდა.
პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დაშავებულების სამედიცინო დაწესებულებებში გადასაყვანად დამატებითი რესურსები გამოყო.
რადევის თქმით, მისი განკარგულებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ივან დემერჯიევი სამთავრობო თვითმფრინავით ბურგასში გაემგზავრა, რათა საჭიროების შემთხვევაში დაშავებულები სოფიის საავადმყოფოებში გადაიყვანონ.
ამასთან, ბურგასის აეროპორტში ორი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „სპარტანი“ ჩავიდა, რომლებიც სამედიცინო პერსონალითა და საკაცეებით არის აღჭურვილი.
ვინაიდან დაშავებულთა უმრავლესობა სლივენისა და იამბოლის საავადმყოფოებში იმყოფება, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ორივე თვითმფრინავი იამბოლთან მდებარე „ბეზმერის“ აეროდრომზე გადადის. ხელისუფლება მზად არის, საჭიროების შემთხვევაში პაციენტები სლივენიდან, იამბოლიდან და ბურგასიდან სოფიის საავადმყოფოებში გადაიყვანოს.
ტრაგედიის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ვარნაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრას მართავდა.
რადევის განცხადებით, მან ევროკომისიის პრეზიდენტს მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ბულგარეთის მთავრობამ 10 ნოემბრისთვის დაგეგმილი სხდომა გააუქმა. პრემიერ-მინისტრმა ასევე გააუქმა ვარნაში დაგეგმილი სხვა ღონისძიებები და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრთან ერთად ბურგასში, სლივენსა და იამბოლში გაემგზავრება.
წყარო: BTA – ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტო