ესპანეთში საცხოვრებლის გაძვირებისა და საბინაო კრიზისის წინააღმდეგ ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველი საყოველთაო გაფიცვა გაიმართა. 11 ნოემბერს გამართულ გაფიცვაში, პროფკავშირების მონაცემებით, დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის თითქმის მეხუთედს შეადგენს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მადრიდში, ბარსელონასა და ესპანეთის სხვა ქალაქებში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციების უმეტესობამ მშვიდობიანად ჩაიარა, საღამოს მადრიდსა და ბარსელონაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
ბარსელონაში დემონსტრაციის დასრულების შემდეგ ქუჩაში ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს. მადრიდში კი სამართალდამცველებმა ესპანეთის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და ქაფის ტყვიები გამოიყენეს.
პოლიციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 73 ადამიანი დააკავეს. გაფიცვასთან დაკავშირებული 1 044 ინციდენტი აღირიცხა, მათ შორის ადმინისტრაციული და სამრეწველო ობიექტების ბლოკირება და ნაგვის კონტეინერებისთვის ცეცხლის წაკიდება.
რატომ გამოვიდა მილიონობით ადამიანი ქუჩაში?
საყოველთაო გაფიცვის მთავარი მიზეზი ესპანეთში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის კრიზისია, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ ახალგაზრდებსა და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს ეხება.
ესპანეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 750 ათასი საცხოვრებელი ერთეულის დეფიციტია. პროგნოზის თანახმად, 2028 წლისთვის ამ მაჩვენებელმა შესაძლოა მილიონს გადააჭარბოს.
საცხოვრებლის შეძენის შესაძლებლობის შემცირებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნა ქირავნობაზე, რამაც ფასების შემდგომი მატება გამოიწვია.
ესპანეთის ახალგაზრდული საბჭოს ინფორმაციით, საცხოვრებლის საშუალო თვიური ქირა 1 176 ევროს შეადგენს, რაც ახალგაზრდა დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასის დაახლოებით 98,7%-ია.
„36 წლის ვარ და დღემდე არ შემიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება. ქირა მუდმივად ძვირდება, ბინების ფასებიც იზრდება და ეს უბრალოდ შეუძლებელი ხდება“, – განუცხადა Reuters-ს მადრიდის ერთ-ერთი საავადმყოფოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომელმა ხესუს გონსალესმა.
გაფიცვამ მაღაზიებისა და საწარმოების მუშაობა შეაფერხა
მადრიდის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე, გრან-ვიაზე, საპროტესტო აქციების ფონზე დაიხურა ისეთი ცნობილი ბრენდების მაღაზიები, როგორებიცაა Primark, H&M და Pull&Bear.
დემონსტრანტები მაღაზიების დახურვას შეძახილებით ხვდებოდნენ და პროტესტის სიმბოლოდ სახლის გასაღებებს იყენებდნენ.
გაფიცვამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სამრეწველო სექტორსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზეც.
ესპანეთის ორი უმსხვილესი პროფკავშირის, UGT-ისა და CCOO-ს განცხადებით, პორტებსა და საავტომობილო წარმოების სექტორში გაფიცვაში დასაქმებულთა დაახლოებით 90% მონაწილეობდა.
მუშაობა სრულად შეჩერდა რამდენიმე საწარმოში, მათ შორის ნავარაში მდებარე Volkswagen-ისა და ბარსელონაში SEAT-ის ქარხნებში.
ბარსელონის მეტროპოლიტენმა პიკის საათების გარდა მატარებლების მოძრაობა შეაჩერა, ხოლო მადრიდის მეტროში მგზავრთა რაოდენობა დილის პიკის საათებში წინა კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით შემცირდა.
ელექტროენერგიის ქსელის ოპერატორის, Red Eléctrica-ს ინფორმაციით, დღის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გარკვეულ მონაკვეთში 15,5%-ით შემცირდა.
პროტესტი ვადამდელი არჩევნების წინ
გაფიცვა ესპანეთში 29 ნოემბრისთვის დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გაიმართა.
საბინაო კრიზისის გამო საზოგადოებრივი უკმაყოფილება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მადრიდში 87 წლის ქალი საცხოვრებლიდან გამოასახლეს და მოგვიანებით გარდაიცვალა.
ამ შემთხვევას საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უარყო მთავრობის ინიციატივები, რომლებიც გამოსახლებების შეზღუდვასა და ქირის გაძვირების შეკავებას ითვალისწინებდა.
სწორედ ამ მოვლენების ფონზე პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
პროფკავშირები გაფიცვას წარმატებულად აფასებენ, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მას ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგები აქვს.
ესპანეთის მთავარი ბიზნესგაერთიანების, CEOE-ს ვიცე-პრეზიდენტის, ანხელა დე მიგელის განცხადებით, საბინაო კრიზისი მცირე ბიზნესსაც აზარალებს, რადგან საცხოვრებლის დეფიციტი თანამშრომლების მოძიებას ართულებს. მისი შეფასებით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა მეტი საცხოვრებლის მშენებლობა და სამშენებლო სექტორში გადასახადების შემცირება.
BBVA Research-ის მთავარი ეკონომისტის, მიგელ კარდოსოს შეფასებით, გაფიცვამ შესაძლოა ესპანეთის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი 0,1–0,2%-ით შეამციროს.
ამასთან, პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გამო სისხლის სამართლის საჩივარს შეიტანენ. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი საპოლიციო ოპერაციის დროს 20 დემონსტრანტი დაშავდა.
ცნობისთვის, ესპანეთში მსგავსი მასშტაბის საყოველთაო გაფიცვა ბოლოს 2012 წელს, ევროზონის ვალის კრიზისის პერიოდში, მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ გაიმართა.
წყარო: Reuters