ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების საკითხებზე ახალი შეთანხმების პირობების შემუშავება შესთავაზა. ინფორმაციას გამოცემა Axios მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონის ინიციატივა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილია და რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნებთან ერთად, ევროპაში დაძაბულობის შემცირების კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრასაც ითვალისწინებს.
Axios აღნიშნავს, რომ მოსკოვი წლების განმავლობაში ცდილობდა ევროპასთან ისეთი უსაფრთხოების შეთანხმების მიღწევას, რომელიც ნატო-ს გაფართოებას შეზღუდავდა და აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობას შეამცირებდა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები წარსულში ამ მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა, გამოცემის ინფორმაციით, ამერიკული მხარე ახლა მზად არის, ისინი უფრო ფართო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში განიხილოს.
საკითხი 10–11 ნოემბერს აბუ-დაბიში გამართულ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის სამმხრივ მოლაპარაკებებზეც განიხილეს.
წყაროების ცნობით, შეხვედრები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ 2021 წელს უსაფრთხოების საკითხებზე წამოყენებულ მოთხოვნებზე აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეაგირების არქონას უკავშირდებოდა.
ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, რუსულ დელეგაციას განუცხადეს, რომ 2021 წლის შემდეგ საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მათ მოსკოვს შესთავაზეს, მოამზადოს ახალი დოკუმენტი, რომელშიც რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნებთან ერთად წარმოდგენილი იქნება დეესკალაციის კონკრეტული ნაბიჯები და გარანტიები, რომ მომავალში ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას არ განახორციელებს.
ამასთან, ამერიკული მხარე მოითხოვს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპზე ევროპელი წარმომადგენლებიც ჩაერთონ.
Axios-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის ინიციატივას ევროპის რიგი სახელმწიფოები სკეპტიკურად აფასებენ. ევროპელი ლიდერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონტინენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მათი უშუალო მონაწილეობის გარეშე არ მიიღებოდეს.
გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციამ ევროპელ პარტნიორებს განუმარტა, რომ რუსეთის უსაფრთხოების მოთხოვნებზე შეთანხმებას უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე არ დათანხმდება.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ვაშინგტონი არ აპირებს რუსეთს ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება მიანიჭოს.