საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა გრძელდება. 12 ნოემბრის სხდომა კვლავ კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მოსამართლეთა შეკითხვებს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა უპასუხეს. განხილვის მთავარი საკითხები პოლიტიკური პარტიების სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის არსებულ კავშირებსა და შესაძლო აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძვლებს შეეხებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება, რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის ერთობლივი სამართლებრივი შეფასება და რა გარემოებები შეიძლება გახდეს მათი აკრძალვის საფუძველი.

მოსამართლე ევა გოცირიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ე.წ. „ერთიანი ორგანიზმის თეორიაზე“, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მათი საქმიანობის ერთობლივი შეფასების საფუძვლად განიხილება.

მოსამართლემ იკითხა, რამდენად მყარია პარტიებს შორის არსებული კავშირები იმისთვის, რომ მათ ერთმანეთის ქმედებებზე არა მხოლოდ პოლიტიკური და მორალური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისროთ.

ევა გოცირიძე დაინტერესდა იმითაც, იქნებოდა თუ არა თითოეული პარტიის ინდივიდუალური საქმიანობა საკმარისი მისი აკრძალვისთვის, სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან კავშირის გათვალისწინების გარეშე.

მოსამართლის შეკითხვები შეეხებოდა შესაძლო აკრძალვის პოლიტიკურ შედეგებსაც. კერძოდ, მან დასვა საკითხი, რამდენად მიზანშეწონილია იმ პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა, რომელთა საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებით, ისედაც შემცირებულია.

გოცირიძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიებისთვის პოლიტიკური გაძლიერების საფუძველიც აღმოჩნდეს, მათ შორის, საზოგადოებაში მსხვერპლის სტატუსის შეძენის შედეგად.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ სარჩელის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება არ არის და მმართველი გუნდი კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობით ხელმძღვანელობს.

მისი განმარტებით, სარჩელი ეფუძნება პოლიტიკური პარტიების წარსულ და მიმდინარე საქმიანობას, საჯაროდ ცნობილ ფაქტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მოსარჩელე მხარის შეფასებით, მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს.

განხილვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პოლიტიკური პარტიისა და სახელმწიფო ხელისუფლების პასუხისმგებლობის გამიჯვნას უკავშირდებოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ მოსამართლე ვასილ როინიშვილის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ 2003–2012 წლებში სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ავტომატურად არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი.

წითლიძის პოზიციით, პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობა უნდა შეფასდეს მისი მიზნებისა და უშუალო მოქმედებების საფუძველზე და არა მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღეს.

მისივე განცხადებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიების მომავალი ამომრჩეველმა არჩევნების გზით უნდა განსაზღვროს.

სასამართლო სხდომაზე ყურადღება გამახვილდა მოსამართლეთა მიუკერძოებლობისა და მხარეთა არგუმენტების მნიშვნელობის საკითხზეც.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას მიმართა შეკითხვით, რამდენად შეიძლება გავლენა მოახდინოს მხარეთა პასუხებმა სასამართლოს შეფასებაზე, თუ მოსამართლეებს კონკრეტულ საკითხებზე წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ.

საპასუხოდ, მოსამართლე ვასილ როინიშვილმა განმარტა, რომ მოსამართლის მიერ შეკითხვის დასმა არ ნიშნავს საკითხის არცოდნას და მისი მიზანი მხარის სამართლებრივი პოზიციისა და ხედვის მოსმენაა.

სასამართლოში მიმდინარე განხილვას თან ახლავს პოლიტიკური დაპირისპირებაც.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა გიორგი სიორიძემ და გრიგოლ გეგელიამ მოსარჩელე მხარის სამართლებრივი არგუმენტები გააკრიტიკეს. მათი შეფასებით, წარმოდგენილი სარჩელი არ შეიცავს საკმარის მტკიცებულებებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის დასასაბუთებლად.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციური პარტიები სასამართლო პროცესის პოლიტიკურ დაპირისპირებად გადაქცევის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მოსარჩელე მხარემ მოსამართლეთა შეკითხვებზე საკუთარი სამართლებრივი არგუმენტაცია დეტალურად წარმოადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იხილავს.

მორიგი სხდომა პარასკევს, 13 ნოემბერს გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, კითხვა-პასუხის ეტაპი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე, 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.