ნორვეგიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, რუს და ბელარუს პროფესიონალ სპორტსმენებს, ასევე მათი გუნდების პერსონალს, ქვეყანაში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიზნით შესვლა აეკრძალებათ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ოსლოს განცხადებით, გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკავშირდება და უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

ნორვეგიის ხელისუფლებამ აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და რამდენიმე საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციამ ბოლო თვეებში რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში დაბრუნების მიმართულებით გადაწყვეტილებები მიიღეს.

„რუსეთის ელიტარულ სპორტს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის ხელისუფლებასა და სახელმწიფო სტრუქტურებთან. შესაბამისად, მთავრობა მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სპორტში რუსეთის მონაწილეობა არ შეიძლება განვიხილოთ უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიული ომისგან დამოუკიდებლად“, – ნათქვამია ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში.

ნორვეგიის ხელისუფლების შეფასებით, ბელარუსმა ხელი შეუწყო რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში, რის გამოც შეზღუდვები ბელარუს სპორტსმენებზეც გავრცელდება.

გადაწყვეტილება ზამთრის სპორტის საერთაშორისო შეჯიბრებებს შეეხება

ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიმდინარე ზამთრის სეზონის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე, მათ შორის სათხილამურო ხტომებში მსოფლიო თასის ეტაპზე, რომელიც 20–22 ნოემბერს ლილეჰამერში უნდა გაიმართოს.

საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია (FIS) რუს და ბელარუს სპორტსმენთა ნაწილს ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას კვლავ აძლევს უფლებას.

თუმცა ფედერაციის განმარტებით, სპორტსმენის საერთაშორისო შეჯიბრებაზე დაშვება მასპინძელი ქვეყნის სავიზო და სასაზღვრო რეგულაციებს არ აუქმებს.

„სპორტსმენის მონაწილეობის უფლების მიუხედავად, მასპინძელი ქვეყნის სავიზო და ქვეყანაში შესვლის წესები ძალაში რჩება და მათ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო განსაზღვრავს“, — განუცხადეს Reuters-ს ფედერაციაში.

შეზღუდვებს სხვა ქვეყნებიც აწესებენ

ნორვეგიის მსგავსად, რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვები ფინეთმა, კანადამ და პოლონეთმაც გამოაცხადეს.

ფინეთის ხელისუფლებამ 12 ნოემბერს განაცხადა, რომ რუს სპორტსმენებს, მათ შორის ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზეებს, ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. გადაწყვეტილება თვის ბოლოს რუკაში დაგეგმილ თხილამურებით რბოლის მსოფლიო თასის პირველ ეტაპსაც შეეხება.

კანადის ხელისუფლების განცხადებით, რუს ჰოკეისტებსა და ოფიციალურ პირებს ალბერტაში დაგეგმილ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ქვეყანაში შესვლის უფლება არ მიეცემათ.

პოლონეთმა კი გამოაცხადა, რომ რუს სათხილამურო მხტომელებს ვიზებს არ გასცემს დეკემბერში ვისლასა და იანვარში ზაკოპანეში დაგეგმილი მსოფლიო თასის ეტაპებისთვის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთის საერთაშორისო სპორტში დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან, სპორტსმენებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების უფლებებს არღვევენ.

ბელარუსის ხელისუფლებაც არაერთხელ გამოეხმაურა მსგავს შეზღუდვებს და განაცხადა, რომ სპორტი საერთაშორისო პოლიტიკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს.

წყარო: Reuters