უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ ევროპის უსაფრთხოების საკითხზე წამოყენებულ მოთხოვნებს კრემლის წარსულ ულტიმატუმებს ადარებს და აცხადებს, რომ მსგავსი მოთხოვნები არაერთხელ გახდა სამხედრო ესკალაციის წინაპირობა.

ამის შესახებ სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იხსენებს რუსეთის მიერ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოთქმულ პოზიციებს და პარალელს ავლებს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრასა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომთან.

„ეს ყველაფერი ადრეც გვინახავს“, – წერს სიბიგა და რუსეთის პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს გამოყოფს.

მისი თქმით, 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნატოს გაფართოება საფრთხედ გამოაცხადა.

2008 წელს, ბუქარესტის სამიტის პერიოდში, კრემლი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას მუქარით გამოეხმაურა. რამდენიმე თვის შემდეგ, იმავე წლის აგვისტოში, რუსეთი საქართველოში შეიჭრა.

სიბიგა ასევე იხსენებს 2021 წელს, როდესაც მოსკოვმა ნატოს შემდგომი გაფართოების შეწყვეტა და ალიანსის სამხედრო განლაგების 1997 წლის მდგომარეობასთან დაბრუნება მოითხოვა. რამდენიმე თვის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მოსკოვი დღესაც იმავე მოთხოვნებს აყენებს, თუმცა მათ ახალი ფორმულირებით – „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურით“ – წარმოადგენს.

„ახლა იგივე ულტიმატუმი ახალი სახელწოდებით ბრუნდება – „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“, – აღნიშნავს სიბიგა.

მისი განცხადებით, რუსეთის ინიციატივები არ უნდა იქნეს აღქმული როგორც კონსტრუქციული დიალოგის შეთავაზება.

„ეს არ არის დიალოგის მოწვევა. ისტორია გვიჩვენებს, რა მოჰყვება ამას – რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების ახალ ესკალაციას, მათ შორის პირდაპირ შეიარაღებულ აგრესიას“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სიბიგა მიიჩნევს, რომ რუსეთის მოთხოვნების განხილვის ნაცვლად, საერთაშორისო პარტნიორებმა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას უნდა მიანიჭონ უპირატესობა.

მისი განცხადებით, აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სამშვიდობო პროცესში სერიოზული მონაწილეობისკენ უბიძგებს.

„იმის ნაცვლად, რომ რუსეთის თამაშებში ჩავერთოთ, დროა, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის რეჟიმზე, ვაიძულოთ პუტინი, სერიოზულად მოეკიდოს სამშვიდობო ძალისხმევას და დასრულდეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, – აცხადებს ანდრეი სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ევროპის უსაფრთხოების სამომავლო მოწყობასა და უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიების ფონზე გავრცელდა.