ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 19 ნოემბერს შენჟენში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სამმხრივ შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, შეხვედრა ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართება.
„19 ნოემბერს პრეზიდენტი სი ძინპინი შენჟენში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჩინეთ-რუსეთ-აშშ-ის სამმხრივ სამიტს გამართავს“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამმხრივი შეხვედრის გამართვის შესახებ ინფორმაცია მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც გაავრცელა. 14 ნოემბერს მან განაცხადა, რომ სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა 19 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი.
რუსული საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, დონალდ ტრამპმა მანამდე აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის მოლაპარაკებები, პირველ რიგში, ბირთვული განიარაღების საკითხების განსახილველად არის მნიშვნელოვანი.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა საერთაშორისო ვითარებაზე დადებით გავლენას მოახდენს.
ამასთან, შეხვედრის პერსპექტივას ყურადღებით აკვირდებიან ევროპაშიც.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირის არაერთ ლიდერს აშფოთებს შესაძლებლობა, რომ ჩინეთში ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებები ე.წ. „მეორე ანკორიჯად“ იქცეს. ამ შეფასებით მერცი აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის ანკორიჯში გამართულ წინა შეხვედრაზე მიუთითებს.
აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი შენჟენში 18–19 ნოემბერს გაიმართება.