ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო   აცხადებს ,  რომ ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივ შეხვედრას ისტორიული მნიშვნელობა ექნება და ის ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.   სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, APEC-ის სამიტის ფარგლებში გაიმართება. ეს იქნება სამი ქვეყნის ლიდერების პირველი ერთობლივი პირისპირ შეხვედრა.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაო ნინის განცხადებით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი გლობალური მშვიდობის შენარჩუნება და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცება იქნება.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, სამ ქვეყანას გლობალური გამოწვევების დაძლევაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.  „არსებულ ვითარებაში სამ ქვეყანას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, ითანამშრომლონ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ხელი შეუწყონ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩინეთს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, უთანხმოებების მართვა და ურთიერთობების სტაბილიზაცია სამივე ქვეყნის ინტერესებში შედის, პასუხობს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს და ხელს უწყობს გლობალური ვითარების სტაბილიზაციას, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას“, – განაცხადა  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.  მისივე თქმით, სამი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ მსოფლიო მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა პეკინს მოლაპარაკებების კონკრეტული დღის წესრიგი ჯერ არ გამოუქვეყნებია.  ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შეხვედრაზე ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხის წამოჭრას გეგმავს. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ორგანიზაცია მზად არის, მხარი დაუჭიროს ბირთვული განიარაღების ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შედეგად შეიძლება დაიწყოს.