რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ყირიმის ხიდზე განხორციელებული სავარაუდო უკრაინული თავდასხმის შედეგად საავტომობილო მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტო РИА Новости ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქსიონოვის განცხადებით, ხიდზე თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა გახდა აუცილებელი.
„მოწინააღმდეგემ დარტყმა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა, სავარაუდოდ, დღის შუა პერიოდამდე შეზღუდული იქნება“, – დაწერა აქსიონოვმა სოციალურ პლატფორმა MAX-ზე.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობა მხოლოდ ხიდის საავტომობილო ნაწილზე შეჩერდა, ხოლო სარკინიგზო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
უწყების მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა ხიდზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით სცადეს. ამჟამად ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„განიხილება საავტომობილო მოძრაობის მონაცვლეობითი, რევერსული რეჟიმით აღდგენის შესაძლებლობა. სარკინიგზო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება“, – აცხადებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
სერგეი აქსიონოვის განცხადებით, ინციდენტის შედეგების აღმოსაფხვრელად მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, ხოლო ქალაქ ქერჩში ოპერატიული შტაბი შეიქმნა.
მისივე თქმით, ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის კრასნოდარის მხარეს შორის გადაადგილებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ საბორნე მიმოსვლით, რომელიც პორტ „კავკაზის“ მიმართულებით ხორციელდება.
აქსიონოვმა აღნიშნა, რომ ვითარებას პირადად აკონტროლებს და მოსახლეობას მოუწოდა, ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღოს.
ცნობისთის, ყირიმის ხიდი, რომელიც ქერჩის სრუტეზე გადის, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს. მას მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ფუნქცია აქვს.
ხიდი უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.
წყარო: РИА Новости