საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. დაკავებულთა შორისაა სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2017–2024 წლებში თბილისის მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ 27 ტენდერს, რომელთა საერთო ღირებულება 145 367 365 ლარს შეადგენდა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, აღნიშნული თანხიდან ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 41 105 298 ლარს.
გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო და მას გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი აწარმოებს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულები არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე და შპს „საჩინოსა“ და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
გამოძიების ვერსია
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის განხორციელების მიზნით დაარეგისტრირეს შპს „საჩინო“, რომლის სახელითაც საქართველოში მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი ხორციელდებოდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქონლის იმპორტი ხელოვნურად გაზრდილი ფასებითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, გადამზიდი კომპანია „ინტრანსის“ მეშვეობით ხდებოდა.
პროკურატურის ვერსიით, შემდგომ ეტაპზე შპს „საჩინო“ იმპორტირებულ დეტალებს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, სამჯერ გაზრდილი ფასით აწვდიდა.
უწყება აღნიშნულ ქმედებებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებად აფასებს.
ბრალდებები და აღკვეთის ღონისძიებები
პროკურატურის ინფორმაციით, ოთხივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით წარედგინათ:
- 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება;
- 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება და გამოყენება;
- 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება.
პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ დაკავებულთაგან სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთ ბრალდებულს – 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის, რომელ ბრალდებულს შეეფარდა გირაო.
საგამოძიებო უწყების განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მათ შორის დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
საქმე მოიცავს 2017–2024 წლებში თბილისის მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვის კანონიერების საკითხს.