მონღოლეთის პრეზიდენტმა უხნააგიინ ხურელსუხმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი მონღოლეთის სახალხო პარტიის წარმომადგენლის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ კორუფციული ბრალდებების წამოყენება, რომლებიც რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ სახელმწიფო სარკინიგზო პროექტს უკავშირდება.

ინფორმაციას Associated Press (AP) ავრცელებს.

პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებები ულან-ბატორის ყოფილმა მერმა, ხიშგეე ნიამბაატარმა, 14 ნოემბერს გააჟღერა. მისი განცხადებით, ხურელსუხმა, რომელიც იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ტავანტოლგოი-გაშუუნსუხაიტის სარკინიგზო პროექტთან დაკავშირებით უკანონოდ 25 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

ნიამბაატარი და ხურელსუხი ერთი და იმავე მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან, თუმცა განსხვავებულ შიდაპარტიულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

ბრალდებების გავრცელების შემდეგ ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.

პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს

17 ნოემბერს ერისადმი მიმართვისას ხურელსუხმა განაცხადა, რომ კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლოა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი რეპუტაციის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობდა.

მიუხედავად ამისა, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„მე არასოდეს არაფერი მომიპარავს ჩემი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. გადავაბარებ პრეზიდენტის მოვალეობებს და ჩვეულებრივი მოქალაქე გავხდები“, – განაცხადა ხურელსუხმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

ბრალდებების ფონზე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს მონღოლეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მუნხ-ერდენე დემბერელცერენმა, და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ენხბაიარ ბატმურმა. მათი სახელებიც ფიგურირებს გავრცელებულ ბრალდებებში.

25 მილიონი დოლარის სავარაუდო ქრთამის საქმე

ბრალდებების თანახმად, 2019 წელს, როდესაც ხურელსუხი პრემიერ-მინისტრი იყო, მან ხელი შეუწყო ტავანტოლგოი–გაშუუნსუხაიტის სარკინიგზო პროექტის კონტრაქტის კონკურენტული ტენდერის გარეშე გადაცემას კომპანია Bodi International LLC-ისთვის.

აღნიშნული კომპანია მონღოლეთის ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესჯგუფს წარმოადგენს.

ბრალდების ავტორის მტკიცებით, კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ხურელსუხმა კომპანიისგან 25 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

Bodi International-მა გავრცელებული ბრალდებები უარყო.

კომპანიის განცხადებით, მას არც მაღალი თანამდებობის პირებისთვის და არც საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ქრთამი არ გადაუხდია. კომპანიამ ბრალდებებს ცილისმწამებლური უწოდა და განაცხადა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია ბრალდებებს ეხება და პრეზიდენტის ან კომპანიის წარმომადგენლების ბრალეულობა დადასტურებული არ არის.

პოლიტიკური დაპირისპირება მმართველ პარტიაში

მონღოლეთის ეროვნული უნივერსიტეტის ლექტორი მუნხ-ერდენე განტულგა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირებს.

მისი შეფასებით, ხურელსუხის გადადგომა შესაძლოა პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი იყოს, რომელიც მას მომავალში სხვა თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას შეუნარჩუნებს.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ გადადგომის გადაწყვეტილებამ შესაძლოა საზოგადოებაში პრეზიდენტის მიმართ დადებითი დამოკიდებულებაც გააძლიეროს.

„საზოგადოების თვალში ის სამართლიან, პატიოსან და კარგ პოლიტიკოსად გამოიყურება“, – განაცხადა განტულგამ.

ხურელსუხს თანამდებობიდან გადადგომის გამოცდილება უკვე აქვს. 2021 წლის იანვარში მან პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, ხოლო იმავე წლის ივნისში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ამავე პერიოდში მონღოლეთის სახალხო პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობაც მოიპოვა.

თუმცა ბოლო წლებში მმართველ პარტიაში შიდა დაპირისპირება გაძლიერდა. Associated Press-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში სამი სხვადასხვა პრემიერ-მინისტრი დაინიშნა.

პრეზიდენტის გადადგომის საკითხს პარლამენტი გადაწყვეტს

მონღოლეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის გადადგომა ძალაში მხოლოდ პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ შევა.

მონღოლეთის პარლამენტი, რომელსაც სახელმწიფო დიდი ხურალი ეწოდება, მიმდინარე კვირაში პრეზიდენტის განცხადების განხილვასა და კენჭისყრას გეგმავს.

თუ პარლამენტი გადადგომას დაამტკიცებს, პრეზიდენტის მოვალეობებს დროებით პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.