საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში მოქმედი ელევატორების რაოდენობა და მათში განთავსებული პროდუქციის მოცულობა შემცირდა. ამავე პერიოდში გაიზარდა რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და გაყიდვებში იმპორტირებული პროდუქციის წილი. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში 28 ელევატორი ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 ობიექტით, ანუ 9.7%-ით ნაკლებია.
ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მოცულობა წლიურად 20.1%-ით შემცირდა და 109.2 ათასი ტონა შეადგინა. 2025 წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 136.7 ათას ტონას შეადგენდა.
შენახული პროდუქციის სტრუქტურაში კვლავ ხორბალი ჭარბობდა, თუმცა მისი წილი შემცირდა. კერძოდ, 2026 წლის მესამე კვარტალში ხორბალზე განთავსებული პროდუქციის 66% მოდიოდა, მაშინ როდესაც გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 70.3% იყო.
ამავე პერიოდში სოიოს შროტის წილი 15.9%-დან 19.6%-მდე გაიზარდა.
რეგიონული განაწილების მიხედვით, ყველაზე მეტი ელევატორი ქვემო ქართლში ფუნქციონირებდა, სადაც ქვეყნის მოქმედი ელევატორების 35.7% იყო განთავსებული. სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთზე თითოეულზე 17.9% მოდიოდა, შიდა ქართლსა და თბილისზე — 10.7-10.7%, ხოლო იმერეთსა და გურიაზე — 3.6-3.6%.
მიუხედავად ელევატორების რაოდენობის შემცირებისა, გაიზარდა მათი მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებლების რიცხვი. 2026 წლის მესამე კვარტალში მომსახურება 23 მომხმარებელს გაეწია, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 11 იყო.
ამასთან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით პროდუქცია 48 მწარმოებლისა და გადამყიდველისგან შეისყიდეს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6-ით ნაკლებია.
სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 392 ადამიანი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში კი 403 ადამიანი იყო დასაქმებული.
საქსტატის მონაცემებით, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 75.3% შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდულ პროდუქციაზე მოდიოდა. 2025 წლის მესამე კვარტალში ამ კატეგორიის წილი 71.8%-ს შეადგენდა.
გაყიდვების მიმართულებით განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა. 2026 წლის მესამე კვარტალში ელევატორებმა 80.3 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია. 2025 წლის მესამე კვარტალში რეალიზებული პროდუქციის მოცულობა 76.9 ათასი ტონა იყო.
მიუხედავად გაყიდული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა, რეალიზაციის ღირებულება მცირედით შემცირდა. კერძოდ, 2026 წლის მესამე კვარტალში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 75.2 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 75.7 მილიონი ლარი იყო.
მნიშვნელოვნად შეიცვალა რეალიზებული პროდუქციის სტრუქტურაც. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გაყიდული პროდუქციის ღირებულებაში იმპორტირებული პროდუქციის წილი 49.2%-მდე გაიზარდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 29.8%-ს შეადგენდა.
ამავე დროს, ადგილობრივი, საკუთარი წარმოების პროდუქციის წილი 60.3%-დან 41.8%-მდე შემცირდა.
ელევატორების მიერ რეალიზებულ საკუთარი წარმოების პროდუქციაში კვლავ ხორბლის ფქვილი ჭარბობდა, რომლის წილმა 75.9% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 77.4% იყო.
რაც შეეხება საცავების დატვირთვას, 2026 წლის ივლისში ელევატორების საშუალო დღიური დატვირთვა 49.4%-ს შეადგენდა, აგვისტოში — 45.1%-ს, ხოლო სექტემბერში — 48.8%-ს.
შედარებისთვის, 2025 წლის შესაბამის თვეებში დატვირთვის მაჩვენებლები 49.2%, 49.4% და 49.9% იყო.