საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის არსებითი განხილვა გრძელდება. მორიგ სხდომაზე მოსამართლეთა პლენუმმა მხარეების პოზიციები მოისმინა, განიხილა საპროცესო შუამდგომლობა და შეკითხვები დაუსვა მოპასუხე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

სასამართლო განხილვა კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხდომის მნიშვნელოვანი ნაწილი პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლების განმარტებებს დაეთმო. განხილვისას ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულებაზე არჩევნების შედეგების აღიარების, საპროტესტო პროცესების, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და ცალკეული პირების ქმედებების შეფასების საკითხების მიმართ.

უთანხმოება სამართლებრივი ტერმინოლოგიის გამოყენების საკითხზე

სხდომაზე ერთ-ერთი დაპირისპირება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით ტერმინ „რუსული კანონის“ გამოყენებას მოჰყვა.

აღნიშნულ ფორმულირებას მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი გიორგი კახიანი შეეწინააღმდეგა და განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე კანონები ოფიციალური სახელწოდებებით უნდა მოიხსენიებოდეს.

კახიანის შენიშვნას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც დაეთანხმა. მისი განმარტებით, სასამართლო განხილვისას აუცილებელია სამართლებრივი ტერმინოლოგიის დაცვა და კანონების იმ სახელწოდებებით მოხსენიება, რომლებიც ოფიციალურად არის განსაზღვრული.

გიორგი სიორიძემ აღნიშნულ შენიშვნასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ კანონის პოლიტიკური შეფასების გამოხატვის უფლებას ინარჩუნებს.

ალეკო ელისაშვილის საქმე და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი

მოსამართლეთა შეკითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი ალეკო ელისაშვილის ქმედებებისა და მათ მიმართ „ლელოს“ პოლიტიკური შეფასებების გარკვევას დაეთმო.

გიორგი სიორიძემ სასამართლოში განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მისი განმარტებით, აღნიშნული შეფასება უკავშირდება ელისაშვილის ქმედებისთვის გამოყენებული სამართლებრივი კვალიფიკაციის მიმართ პარტიის დამოკიდებულებას.

მოსამართლეებმა ასევე მოითხოვეს განმარტება, რა მნიშვნელობით გამოიყენეს პარტიის წარმომადგენლებმა ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით სიტყვა „თავგანწირვა“.

სიორიძის განმარტებით, აღნიშნული ტერმინი კონკრეტული ქმედების აღწერას ემსახურებოდა და არ გულისხმობდა მის გამართლებას ან პოლიტიკური ბრძოლის მისაღებ ფორმად აღიარებას.

ამავე საკითხზე დამატებითი განმარტება გააკეთა „ლელოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ. მისი განცხადებით, პარტიამ ელისაშვილის ქმედება დაგმო და მიუღებლად შეაფასა. ამასთან, სამუშიამ ერთმანეთისგან გამიჯნა ქმედების მიუღებლობა და მისთვის განსაზღვრული სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროპორციულობის საკითხი.

არჩევნების შედეგების აღიარება 

სასამართლო განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძის შეკითხვები შეეხებოდა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობას არჩევნების შედეგების არაღიარებისა და ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების შემთხვევაში.

გიორგი სიორიძის განცხადებით, პარტიის დამოკიდებულება სხვადასხვა საარჩევნო პროცესის მიმართ განსხვავებული იყო. მან აღნიშნა, რომ „ლელომ“ 2021 და 2025 წლების არჩევნების შედეგები აღიარა, ხოლო 2020 და 2024 წლების არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები ჰქონდა.

სიორიძემ ყურადღება გაამახვილა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ევროპული საბჭოს მაშინდელი პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე.

მისი განმარტებით, აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა და შემდგომ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა პარტიის მხრიდან პოლიტიკური კრიზისის ინსტიტუციური გზით მოგვარების მცდელობას წარმოადგენდა.

სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

სხდომის ერთ-ერთი ცენტრალური სამართლებრივი საკითხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობა გახდა.

ბიბილაშვილმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე განესაზღვრა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში გამოსაყენებელი სამართლებრივი სტანდარტები.

შუამდგომლობა სამ ძირითად საკითხს მოიცავდა: საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებთან მიმართებით მტკიცების საგნის განსაზღვრას, მტკიცების ტვირთის განაწილების წესის დადგენასა და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტების წინასწარ განმარტებას.

ბიბილაშვილის პოზიციით, ამ საკითხების განსაზღვრა აუცილებელია, რათა მოპასუხე პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სრულყოფილად განახორციელონ საკუთარი სამართლებრივი დაცვა.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე. მისი შეფასებით, მოთხოვნა სცდებოდა მიმდინარე საპროცესო ეტაპის ფარგლებს და სასამართლოსგან ისეთი საკითხების წინასწარ გადაწყვეტას მოითხოვდა, რომლებზეც მსჯელობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა განხორციელდეს.

მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განმარტებით, პლენუმის მიერ საქმის განხილვის პროცესში მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება. ამასთან, სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია მოთხოვნა, წინასწარ განემარტა, კონკრეტულ მტკიცებულებებს რა მიზნით და როგორ გამოიყენებდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

მხარეების განსხვავებული შეფასებები სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე

სხდომის პარალელურად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მიმდინარე განხილვის სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა განსხვავებულად შეაფასეს.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდის შეფასებით, ქვეყანაში ლეგიტიმაციის კრიზისია.

ამავე პარტიის წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა ეჭვქვეშ დააყენა სასამართლოში განხილული ცალკეული საკითხების რელევანტურობა მისი პარტიის საქმიანობასთან მიმართებით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა კი ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრის აუცილებლობაზე. მისი შეფასებით, მოპასუხე მხარეებისთვის მკაფიო უნდა იყოს, კონკრეტულად რომელი გარემოებების დადასტურება ან უარყოფა ევალებათ.

განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. არჩილ გორდულაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადეს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განმარტებები ვერ აბათილებს სარჩელში წარმოდგენილ გარემოებებს.

სასამართლოში მიმდინარე განხილვას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც, რომელმაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წარსულში გაკეთებულ განცხადებებსა და სასამართლოზე დაფიქსირებულ პოზიციებს შორის წინააღმდეგობაში დაადანაშაულა.

პაპუაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ლელოს“ წარმომადგენლების განმარტებებზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, 2022 წელს პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდნენ, რასაც, მისი შეფასებით, საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის საფრთხე ახლდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვას „ქართული ნიურნბერგის პროცესი“ უწოდა და განაცხადა, რომ საზოგადოება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან „სასოწარკვეთილ თავის მართლებას“ ხედავს.

სასამართლო განხილვის სამართლებრივი კონტექსტი

ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პარლამენტის 88 დეპუტატის სახელით არის წარდგენილი.

სარჩელი შეეხება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო და მას საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.