თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა და ქირაობა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ფინანსურად ხელმიუწვდომელია. „პროგრესული ფორუმის“ კვლევითი ცენტრის მიერ 2026 წელს მომზადებული კვლევის თანახმად, დედაქალაქის ყველაზე იაფ უბანშიც კი, სამგორში, 55 კვადრატული მეტრის ბინის იპოთეკური სესხით შეძენა საქართველოში მცხოვრები ოჯახების მხოლოდ 5%-ს შეუძლია.

კვლევის მიხედვით, სამგორში აღნიშნული ფართობის ბინის იპოთეკური შენატანის დასაფარად ოჯახს ყოველთვიურად მინიმუმ 6 732 ლარის შემოსავალი სჭირდება.

ამასთან, ოჯახების 60%-ისთვის იპოთეკის ყოველთვიური შენატანი მთლიან თვიურ შემოსავალსაც აღემატება, ხოლო ოჯახების 85% ბინის შესაძენად იპოთეკური სესხის აღებას ვერ შეძლებს.

კიდევ უფრო დაბალია საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა დედაქალაქის შედარებით ძვირად ღირებულ უბნებში. კერძოდ, ვაკეში ბინის იპოთეკური სესხით შეძენა ოჯახების მხოლოდ 3%-ისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც კვლევის მიხედვით, მაქსიმუმ 36 000 ოჯახს შეადგენს.

რამდენი დრო სჭირდება ბინის პირველადი შენატანის დაგროვებას?

კვლევის ავტორებმა ასევე შეაფასეს, რამდენი დრო დასჭირდება მედიანური შემოსავლის მქონე ოჯახს ბინის შესაძენად საჭირო პირველადი შენატანის დაგროვებისთვის.

მათი გაანგარიშებით, თუ ოჯახი ყოველთვიური შემოსავლის 30%-ს დაზოგავს, სამგორში ბინის ღირებულების 20%-იანი პირველადი შენატანის შესაგროვებლად 5,5 წელი დასჭირდება.

თუმცა, პირველადი შენატანის დაგროვების შემდეგ, იპოთეკური სესხის ყოველთვიური გადასახადი ოჯახის შემოსავლის 97%-ს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, მედიანური შემოსავლის მქონე ოჯახისთვის სამგორში იპოთეკური სესხით მხოლოდ 14,2 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართობის შეძენაა ხელმისაწვდომი.

ბინის ქირაობა ოჯახების 90%-ისთვის ხელმიუწვდომელია

კვლევაში ცალკეა განხილული საცხოვრებლის დაქირავების შესაძლებლობაც.

მიღებული შედეგების თანახმად, საქართველოში მცხოვრები ოჯახების 90%-ისთვის სამგორში 55 კვადრატული მეტრის ბინის ქირაობა ფინანსურად ხელმიუწვდომელია.

ამასთან, ოჯახების 30%-ის მთლიანი ყოველთვიური შემოსავალი აღნიშნული ბინის ქირის ღირებულებაზე ნაკლებია.

მედიანური შემოსავლის მქონე ოჯახს ქირის გადახდის შემდეგ თვეში 490 ლარი რჩება. მხოლოდ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშების შემთხვევაში კი დარჩენილი თანხა 412 ლარს შეადგენს.

კვლევის ავტორების შეფასებით, ორივე მაჩვენებელი ორი ადამიანის მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულებაზე ნაკლებია.

დაბალშემოსავლიანი ოჯახების შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო შეზღუდულია. კვლევის თანახმად, გლდანსა და სამგორში 35 კვადრატული მეტრის სტუდიოს დაქირავების შემდეგ ასეთ ოჯახს ყოველთვიურად მაქსიმუმ 339 ლარი რჩება.

საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა ბოლო წლებში პრაქტიკულად არ შეცვლილა

„პროგრესული ფორუმის“ კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022–2025 წლებში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემა მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობას არ ეხება და მას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან პირდაპირი კავშირი აქვს.

კვლევაში მოყვანილი მონაცემებით, თბილისი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 53%-ს ქმნის, ხოლო ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა თითქმის 40% დედაქალაქში მუშაობს.

ამასთან, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემების მიხედვით, თბილისიდან გასულ ყოველ ერთ ადამიანზე დედაქალაქში 5,6 ადამიანი შემოდიოდა.

კვლევა „პროგრესული ფორუმის“ კვლევითმა ცენტრმა 2026 წელს მოამზადა. დოკუმენტში წარმოდგენილია საცხოვრებლის შეძენისა და ქირაობის ფინანსური ხელმისაწვდომობის შეფასება, გამოყენებული მეთოდოლოგია და შესაბამისი რეკომენდაციები.

წყარო:

progressive.ge