Meta-ს კუთვნილი სოციალური ქსელი Instagram-ი ვიდეოკონტენტის განვითარების სტრატეგიას ცვლის. პლატფორმამ ახალი ფუნქცია დააანონსა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები 90 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოების ატვირთვას შეძლებენ.

გადაწყვეტილება სოციალური მედიის ბაზარზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცვლილებაა. ბოლო წლებში წამყვანი სოციალური პლატფორმები ძირითადად მოკლე, ვერტიკალური ფორმატის ვიდეოების განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებული. Instagram-ის ახალი ინიციატივა კი შესაძლოა YouTube-თან კონკურენციის გაძლიერების საფუძველი გახდეს.

მონეტიზაცია – Instagram-ის მთავარი გამოწვევა

მიუხედავად მოკლე ვიდეოების პოპულარობისა, კონტენტის შემქმნელებისთვის მათი მონეტიზაცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

Instagram-ზე ავტორების შემოსავლის ძირითადი წყარო ბრენდებთან თანამშრომლობაა. პლატფორმას ასევე აქვს მომხმარებელთა ფასიანი გამოწერისა და შესრულებაზე დაფუძნებული შეზღუდული მონეტიზაციის პროგრამები.

Instagram-ის ხელმძღვანელის, ადამ მოსერის განცხადებით, არსებული ფინანსური მოდელის გაფართოებას ეკონომიკური დაბრკოლებები ახლავს.

„შემოსავლის მიღება სამი გზით შეიძლება – პლატფორმისგან, მაყურებლისგან ან ბრენდებისგან. დღეს ინსტაგრამზე ძირითადად ბრენდები გიხდიან. ზოგიერთი შემოსავალს ფანებისგანაც იღებს. მართალია, შესრულებაზე დაფუძნებული პატარა პროგრამა ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ იმაზე მეტ თანხას ვხარჯავთ, ვიდრე ვშოულობთ. შესაბამისად, ამის გაზრდას აზრი არ აქვს, რადგან უბრალოდ კაპიტალს ვფლანგავთ“, – განმარტა მოსერიმ.

შედარებისთვის, YouTube-ის მონეტიზაციის მოდელი სარეკლამო შემოსავლების განაწილებას ეფუძნება. პარტნიორული პროგრამის მონაწილე ავტორები სტანდარტულ ხანგრძლივ ვიდეოებზე შესაბამისი სარეკლამო შემოსავლების 55%-ს იღებენ.

2025 წელს YouTube-მა განაცხადა, რომ წინა ოთხი წლის განმავლობაში კონტენტის შემქმნელებს, არტისტებსა და მედიაკომპანიებს 100 მილიარდ დოლარზე მეტი გადაუხადა.

რატომ უბრუნდება Instagram-ი ხანგრძლივ ვიდეოებს?

Instagram-მა ხანგრძლივი ვიდეოების პოპულარიზაცია პირველად 2018 წელს, IGTV-ის წარდგენით სცადა. მოგვიანებით პროექტი გაუქმდა და პლატფორმამ ყურადღება მოკლე ვიდეოების განვითარებაზე გადაიტანა.

ამჯერად კომპანიის მიზანია მოკლე და ხანგრძლივი ვიდეოების ერთიან ეკოსისტემაში გაერთიანება, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მათთვის საინტერესო ავტორების კონტენტს სხვა პლატფორმაზე გადასვლის გარეშე გაეცნონ.

Instagram-ის პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტის, ტესა ლაიონსის განცხადებით, Reels კვლავ პლატფორმის ცენტრალურ მიმართულებად დარჩება.

„Reels კვლავ ინსტაგრამის მთავარ ბირთვად რჩება, თუმცა, როდესაც გსურთ, უფრო კარგად გაეცნოთ თქვენთვის საყვარელ ავტორებსა და მათ შემოქმედებას, ამის შესაძლებლობა სწორედ აქ (Instagram-ზე) უნდა გქონდეთ“, – აღნიშნა ლაიონსმა.

რა ახალი ფუნქციები დაემატება პლატფორმას?

Instagram-ი რამდენიმე ახალი ინსტრუმენტის ტესტირებას ახორციელებს, მათ შორისაა:

  • 90 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოების ატვირთვა;
  • გრძელი ვიდეოებიდან მოკლე ამონარიდების შექმნა და მათი Reels-ის ფორმატში გამოქვეყნება;
  • მოკლე ვიდეოებიდან სრულ ვერსიაზე პირდაპირ გადასვლის შესაძლებლობა;
  • ხანგრძლივი ვიდეოების შენახვა და ტელევიზორის აპლიკაციაში ნახვა;
  • პირდაპირი ეთერების მოძიების ფუნქციის გაუმჯობესება;
  • მომხმარებელთა პროფილებზე ვიდეოსერიების ორგანიზება.

ახალი ფუნქციების თავდაპირველი ტესტირება ბრაზილიაში მიმდინარეობდა. ამჟამად მათი გამოცდა შეზღუდული მასშტაბით შეერთებულ შტატებშიც მიმდინარეობს.

გახდება თუ არა Instagram-ი YouTube-ის რეალური კონკურენტი?

Instagram-ის ახალი სტრატეგიის წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად ეფექტიან მონეტიზაციის სისტემას შესთავაზებს პლატფორმა კონტენტის შემქმნელებს.

Meta-ს განცხადებით, კომპანია შემოსავლის მიღების მრავალფეროვანი მექანიზმების შექმნაზე მუშაობს, თუმცა ხანგრძლივი ვიდეოების მონეტიზაციის კონკრეტული მოდელი ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია.

ხანგრძლივი ვიდეოების დანერგვამ შესაძლოა Instagram-ზე პოდკასტების, ინტერვიუების, დოკუმენტური და საგანმანათლებლო კონტენტის განვითარებას შეუწყოს ხელი.

თუმცა YouTube-თან სრულფასოვანი კონკურენციისთვის მხოლოდ ვიდეოების ქრონომეტრაჟის გაზრდა საკმარისი არ იქნება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ავტორებისთვის ფინანსურად მიმზიდველი და მდგრადი სისტემის შექმნას.