ოდესღაც ჩანგალს ადამიანები სუფრაზე საერთოდ არ იყენებდნენ. უფრო მეტიც, როდესაც ის ევროპაში ჭამისთვის გამოჩნდა, მისი გამოყენება ზოგიერთმა სასულიერო პირმა მიუღებლად და მკრეხელურადაც კი მიიჩნია.

ჩანგლის მსგავსი საგნები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში არსებობდა, თუმცა ძირითადად საჭმლის მომზადების დროს გამოიყენებოდა. ერთ-ერთი უძველესი ჩანგალი, რომელიც დღემდეა შემონახული, იტალიის ქალაქ პაესტუმის ტერიტორიაზე აღმოჩენილ, დაახლოებით 2 500 წლის წინანდელ სამარხში იპოვეს.

სუფრაზე ჩანგლის გამოყენება ევროპაში გაცილებით მოგვიანებით გავრცელდა. XI საუკუნეში, ბიზანტიიდან ვენეციაში ჩანგალი პრინცესა თეოდორას ჩაუტანია. ოქროსა და სპილოს ძვლისგან დამზადებულ ნივთს ის ჭამის დროს იყენებდა, რათა ხელები არ დასვროდა.

ამ სიახლეს მაშინდელი საზოგადოება მშვიდად არ შეხვედრია. განსაკუთრებით მკაცრი იყო კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება. სასულიერო პირების ნაწილისთვის ჩანგალი ზედმეტი ფუფუნების გამოხატულება იყო – მათი აზრით, ადამიანს საკვების მისართმევად ხელები ჰქონდა და დამატებითი ნივთის გამოყენება საჭირო არ იყო. ჩანგალს ზოგიერთ სასულიერო ტექსტში ეშმაკთანაც კი აკავშირებდნენ.

როდესაც თეოდორა მოგვიანებით გარდაიცვალა, მისმა სიკვდილმა ჩანგლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო გაამძაფრა. გავრცელდა მოსაზრება, რომ მისი ავადმყოფობა და გარდაცვალება სწორედ ამ „ამპარტავნული“ ნივთის გამოყენებას უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩანგლის გამოყენება ნელ-ნელა მაინც გავრცელდა.

განსაკუთრებული ცვლილება XVI საუკუნეში დაიწყო, როცა ევროპაში მაკარონის სხვადასხვა სახეობა ფართოდ გავრცელდა. გრძელი მაკარონის ჭამა ჩანგლით გაცილებით მოსახერხებელი აღმოჩნდა და ამან მისი პოპულარობაც გაზარდა.

იტალიიდან ჩანგალი თანდათან ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ინგლისში მისი გამოყენება XVII საუკუნეში დაიწყო, ამერიკაში კი ყოველდღიურობის ნაწილად ძირითადად XIX საუკუნეში იქცა.

თავდაპირველად ჩანგლები ძვირფასი ლითონებისგან მზადდებოდა და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. მოგვიანებით წარმოების განვითარებასთან ერთად ის უკვე მასობრივი მოხმარების ნივთად იქცა.

რამდენიმე საუკუნის წინ ჩანგალს სუფრაზე ამპარტავნების ნიშნად მიიჩნევდნენ და მის გამოყენებას ეჭვით უყურებდნენ. დღეს კი მისი არქონა უფრო უცნაური იქნებოდა, ვიდრე თავად მისი არსებობა.  ნივთი, რომელიც ოდესღაც ზედმეტ ფუფუნებად ითვლებოდა, საბოლოოდ ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ჩვეულებრივ ნაწილად იქცა.