“ამ ყველაფერზე მსოფლიოსგანაც მკაფიო პასუხი გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა არა მხოლოდ გააკეთონ უკრაინისა და უკრაინელების მხარდამჭერი განცხადებები, არამედ შეასრულონ საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული შეთანხმებებიც,”  – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი,   რუსეთის მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას. “პუტინმა ეს თავდასხმა დემონსტრაციულად განახორციელა – ჩინეთში გამართული სუსტი შეხვედრებისა და მსოფლიოს რუკის „გადახატვის“ მცდელობის ფაქტობრივად ჩავარდნის შემდეგ. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ფრონტის ხაზზე რუსეთის პოზიციები, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია. რუსეთი ცდილობს, თავისი სამხედრო და დიპლომატიური უძლურება სწორედ ასეთი ტერორით, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სწორედ ამგვარი თავდასხმებით აინაზღაუროს”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, დღესვე დაუკავშირდეს თითოეულ იმ პარტნიორს, რომელმაც უკვე დაიწყო საჰაერო თავდაცვის პაკეტების მომზადება. “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, დღესვე დაუკავშირდეს თითოეულ იმ პარტნიორს, რომელმაც უკვე დაიწყო საჰაერო თავდაცვის პაკეტების მომზადება. საჭიროა მიწოდების პროცესის დაჩქარება. უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ცალკე განვიხილე აშშ-ში ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციის საკითხი, რომელიც PAC-2 და PAC-3 ტიპის რაკეტების მიწოდებას ეხება. დიდი იმედი გვაქვს, რომ პენტაგონი გასცემს იმ მარაგებს, რომლებსაც ჩვენ ველოდებით”, – აცხადებს ზელენსკი. შეგახსენებთ, რუსეთმა წუხელ უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა 100-ზე მეტი რაკეტისა და 400-ზე მეტი დრონის გამოყენებით. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. კიევში სამი ხიდი დაზიანდა.