საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა მომავალ კვირას გაგრძელდება. 16–20 ნოემბერს გამართული სხდომები ძირითადად კითხვა-პასუხის ეტაპს დაეთმო. მოსამართლეები და პროცესის მონაწილეები მსჯელობდნენ სარჩელში წარმოდგენილი ფაქტების სამართლებრივ მნიშვნელობაზე, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის ფარგლებსა და იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც შესაძლოა მათი საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების საფუძველი გახდეს.
20 ნოემბერს გამართულ, რიგით მე-17 სხდომაზე კითხვებს უმეტესად მოპასუხე მხარის წარმომადგენლები სვამდნენ. სხდომის მიმდინარეობისას სასამართლომ არაერთი შეკითხვა განსახილველ საქმესთან შეუსაბამოდ მიიჩნია. პლენუმის პოზიციით, შეკითხვები უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ არგუმენტებს და არა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას.
პროცესზე კვლავ გამოიკვეთა მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის ძირითადი უთანხმოება: პარლამენტის 88 წევრი ხუთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურობის საფუძვლით მოითხოვს, ხოლო მოპასუხეები სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას სადავოდ მიიჩნევენ.
საქმე №1979-ის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. მას საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.
20 ნოემბრის სხდომა – მტკიცებულებებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი
კვირის ბოლო სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წარმოდგენილ მტკიცებულებებს დაეთმო. პარტიის წარმომადგენლები მოსარჩელე მხარისგან განმარტებებს ითხოვდნენ, თუ რომელი კონკრეტული გარემოებები ადასტურებს პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის არაკონსტიტუციურობას.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაციით, სარჩელში მითითებულია სტრასბურგის სასამართლოს 227 გადაწყვეტილება, რომლებიც მოსარჩელე მხარის პოზიციით, იმდროინდელი მმართველობის სისტემური პრობლემების არსებობას ადასტურებს.
ამასთან, მნიშვნელოვანია სამართლებრივი განსხვავება: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ევროპული კონვენციის დარღვევისთვის. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება თავისთავად არ წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და ავტომატურად არ ადასტურებს მისი აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი არჩილ გორდულაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევასა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შეზღუდვას უკავშირდებოდა. მისი შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ გარემოებების მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია.
მოპასუხე მხარე კი მოითხოვს კონკრეტული სამართლებრივი კავშირის დასაბუთებას წარსულში მომხდარ დარღვევებსა და დღეს მოქმედი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას შორის.
სხდომაზე საპროცესო დაპირისპირებაც გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ამ ეპიზოდმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მხარეებსა და სასამართლოს შორის არსებული უთანხმოება პროცესის წარმართვისა და დასაშვები მსჯელობის ფარგლებთან დაკავშირებით.
16-17 ნოემბერი – სასამართლოს შეკითხვები და მტკიცების სტანდარტზე დავა
კვირის დასაწყისში განხილვა კვლავ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. 16 ნოემბერს მოსამართლეთა შეკითხვებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი ნიკა გვარამია პასუხობდა.
განხილვის ერთ-ერთი მიმართულება ეხებოდა პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის შეფასებას, მათი ლიდერების საჯარო განცხადებებსა და სარჩელში წარმოდგენილი ფაქტების კავშირს კონკრეტულ პარტიებთან.
მოპასუხე მხარეები არ ეთანხმებიან მოსარჩელეთა მცდელობას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირის მიერ განხორციელებული ქმედებები პოლიტიკური გაერთიანებების საერთო პასუხისმგებლობის საფუძვლად იქცეს.
17 ნოემბერს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობამ.
ბიბილაშვილმა სასამართლოს სთხოვა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განემარტა, რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა დამტკიცდეს თითოეული მოპასუხის მიმართ, როგორ ნაწილდება მტკიცების ტვირთი და რა სტანდარტით უნდა შეფასდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები.
მისი არგუმენტით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესაძლო შედეგების სიმძიმის გათვალისწინებით, მოპასუხეებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მკაფიოდ განსაზღვრონ საკუთარი დაცვის სამართლებრივი საფუძვლები.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ შუამდგომლობა უკვე განხილული საპროცესო საკითხების ხელახლა დაყენებად შეაფასა. მისი განცხადებით, მოპასუხეები სარჩელში წარმოდგენილ მრავალრიცხოვან ფაქტებსა და ბრალდებებზე კონკრეტული პასუხების გაცემას უნდა ცდილობდნენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიას განმარტებით, სასამართლო წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რომელ მტკიცებულებას რა მნიშვნელობას მიანიჭებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მისი განცხადებით, მტკიცებულებათა შეფასება საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ უნდა განხორციელდეს.
ამასთან, ნადარაიამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საქმეზე მტკიცების სტანდარტი დაბალი არ იქნება.
18-19 ნოემბერი – მოსარჩელეთა შეკითხვები და ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი
18 და 19 ნოემბერს განხილვა მხარეთა შეკითხვებით გაგრძელდა. ამ ეტაპზე კითხვებს ძირითადად მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები სვამდნენ.
განხილვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა 2003–2012 წლებში ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და საკითხი, რამდენად შეიძლება წარსულში ჩადენილი სამართალდარღვევები მოქმედი პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობას დაუკავშირდეს.
19 ნოემბერს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოში წარადგინა ყოფილი თანამდებობის პირების სია, რომლებიც სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულები. მათ შორის განხილული იყო სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეებთან დაკავშირებული გარემოებები.
მოსარჩელეთა პოზიციით, აღნიშნული საქმეები ყოფილი ხელისუფლების პერიოდში არსებული სისტემური დარღვევების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია.
მოპასუხე მხარეები კი ერთმანეთისგან განასხვავებენ კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასა და პოლიტიკური პარტიის აკრძალვის კონსტიტუციურ საფუძვლებს.
მათი არგუმენტით, ცალკეული თანამდებობის პირების მიმართ მიღებული განაჩენები ავტომატურად არ ადასტურებს პოლიტიკური ორგანიზაციის დღევანდელი საქმიანობის არაკონსტიტუციურობას.
ამავე პერიოდში განხილვის საგანი იყო პოლიტიკური პარტიების საგარეო პოლიტიკური განცხადებები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის შესახებ განსხვავებული პოზიციები.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ დამოუკიდებელი ეკონომიკური სანქციების დაწესებას კი არ მოითხოვდა, არამედ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის დაუშვებლობაზე საუბრობდა.
მოსარჩელე მხარე, თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ განცხადებებსა და მოქმედებებს საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს.
ხუთი პარტია – განსხვავებული პოზიციები ერთ სამართლებრივ დავაში
მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება, მოპასუხე მხარეების დაცვის არგუმენტები სრულად იდენტური არ არის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებაზე, პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციასა და იმ სტანდარტებზე, რომლებიც პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის უნდა გამოიყენებოდეს. პარტიის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან მოსარჩელეთა მიერ წარსული მოვლენების საფუძველზე წარმოდგენილ სამართლებრივ დასკვნებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ სადავოდ მიიჩნევს სარჩელში წარმოდგენილი ფაქტებისა და პოლიტიკური შეფასებების ერთმანეთთან დაკავშირებას. მისი წარმომადგენლები სასამართლოსგან კონკრეტული ქმედებების, მტკიცებულებებისა და პარტიის საქმიანობას შორის სამართლებრივი კავშირის დადგენას მოითხოვენ.
„ძლიერი საქართველო – ლელო“ ხაზს უსვამს პოლიტიკური გაერთიანებების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის საკითხს. მისი პოზიციით, სასამართლომ თითოეული მოპასუხის საქმიანობა ცალკე უნდა შეაფასოს და პარტიის აკრძალვის საკითხი მხოლოდ კონკრეტული, საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვიტოს.
„ფედერალისტური პარტიის“ მიმართაც სასამართლოს განსახილველია, არსებობს თუ არა სარჩელში ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უშუალოდ ამ პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის არაკონსტიტუციურობას დაადასტურებს. პარტიების საერთო პოლიტიკურ პოზიციებთან დაკავშირება თავისთავად ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დასადგენად საკმარისი არ არის.
„გახარია საქართველოსთვის“ ასევე სადავოდ მიიჩნევს სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის ერთიანი პასუხისმგებლობის ფარგლებში განხილვას. პარტიის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ მტკიცებულებების კონკრეტულობასა და სასამართლოში სრულყოფილი დაცვის შესაძლებლობაზე.
მოსარჩელე მხარის პოზიცია – რა საფუძვლით ითხოვენ პარტიების აკრძალვას?
სარჩელი პარლამენტის 88 წევრის სახელით არის წარდგენილი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელია.
მოსარჩელეთა არგუმენტაცია მოიცავს როგორც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში მომხდარ მოვლენებს, ისე 2012 წლის შემდეგ ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ საქმიანობას.
მათი პოზიციით, სარჩელში აღწერილი მოვლენები ერთმანეთისგან იზოლირებულ შემთხვევებად არ უნდა შეფასდეს, რადგან ისინი პოლიტიკური პროცესების ერთიან სურათს ქმნის.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2003-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევებს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოპოზიციური ძალების მოქმედებებს, არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებულ დავებსა და ხელისუფლების შეცვლის გზების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
მოსარჩელეები ასევე ეყრდნობიან XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის.
ამასთან, სასამართლოს წინაშე დასამტკიცებელი რჩება, ქმნის თუ არა წარმოდგენილი ფაქტების ერთობლიობა თითოეული მოპასუხე პარტიის აკრძალვისთვის აუცილებელ კონსტიტუციურ საფუძველს.
სასამართლოს პოზიცია – რა საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას პლენუმი?
საქმის განხილვას შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი ახორციელებს. პროცესს რევაზ ნადარაია უძღვება.
განხილვის განმავლობაში სასამართლოს არაერთხელ მოუწია მხარეთა შეკითხვების, განცხადებებისა და საპროცესო შუამდგომლობების შეფასება.
პლენუმის განმარტებებით, საქმის არსებითი განხილვის მიზანი სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი არგუმენტების გამოკვლევაა.
სასამართლომ მხარეებს არაერთხელ მიუთითა, რომ პოლიტიკური შეფასებები და ურთიერთბრალდებები კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობას არ უნდა ანაცვლებდეს.
ამასთან, სასამართლოს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რამდენად საკმარისია წარმოდგენილი მტკიცებულებები რომელიმე პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის.
შესაბამისად, სხდომებზე გამოთქმული მოსაზრებები, მხარეთა ბრალდებები და სასამართლოს საპროცესო გადაწყვეტილებები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
საქმის სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა
პოლიტიკური პარტიის აკრძალვა დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სამართლებრივ ღონისძიებად მიიჩნევა, რადგან ის უშუალოდ უკავშირდება პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლებას, საარჩევნო კონკურენციასა და მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის შესაძლებლობას.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ასევე მათი საქმიანობის კონსტიტუციურ შეზღუდვებს.
ევროპული სამართლებრივი სტანდარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, დამაჯერებელი მტკიცებულებები და დემოკრატიული წესრიგის დაცვის აუცილებლობა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები ხუთი ოპოზიციური პარტიის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის რისკებზე მიუთითებენ.
მმართველი გუნდი კი ამტკიცებს, რომ სარჩელის მიზანი კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა და არა პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვა.
ამ განსხვავებული შეფასებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ თითოეული მოპასუხის მიმართ წარმოდგენილი მტკიცებულებების დამოუკიდებელ შეფასებასა და საბოლოო გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას.
რა ეტაპზეა საქმე და რას უნდა ველოდოთ?
20 ნოემბრის სხდომის დასრულების შემდეგ საქმის არსებითი განხილვა კვლავ დაუსრულებელია.
მომდევნო სხდომებზე მოსალოდნელია მხარეთა შეკითხვებისა და განმარტებების გაგრძელება, ასევე იმ ფაქტობრივი გარემოებების შემდგომი განხილვა, რომლებიც სარჩელის საფუძველს წარმოადგენს.
საქმის საბოლოო გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა შეაფასოს არა მხოლოდ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტები, არამედ მათი კავშირი თითოეული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან და ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვისთვის არის აუცილებელი.
ამ ეტაპზე სასამართლოს არცერთი მოპასუხე პარტიის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
განხილვის შემდგომი მიმდინარეობა და საბოლოო გადაწყვეტილების დასაბუთება განსაზღვრავს საქმის მნიშვნელობას როგორც კონსტიტუციური მართლმსაჯულების პრაქტიკისთვის, ისე საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის.