“ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ბავშვების, 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერის საკითხი დღეს გადაწყდება “ – ამის შესახებ   ჟურნალისტებს  ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ განუცხადა. მისი თქმით, 3 წლის გოგონასთან მუშაობას ფსიქოლოგები აგრძელებენ. „ორივე პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი. 3 წლის და 9 თვის გოგონა იმთავითვე შენარჩუნებული მეხსიერებით გახლდათ, საჯაროდ არ არის იმის ახსნა საჭირო, რას იხსენებს და როგორ იხსენებს, ეს უკვე ფსიქოლოგების საქმეა, რომლებმაც ორივე ბავშვთან მუშაობა დაიწყეს. ბუნებრივია, გააგრძელებენ გაწერის შემდეგაც,“ – აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.  რაც შეეხება აფეთქების დროს დაშავებულ 31 წლის პაციენტს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. „დილისთვის მდგომარეობა არის უცვლელი, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, მკურნალობას განაგრძობს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,“ – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ. ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.