რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინამ და ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკვე შექმნეს ისეთი ვითარებები, რომლებშიც მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს.

ამის შესახებ მედვედევმა „მოსკოვის საერთაშორისო სამართლის ჟურნალისთვის“ მომზადებულ სტატიაში – „სახელმწიფო სუვერენიტეტი და ბირთვული იარაღი: ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები“ – დაწერა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.

„ფორმალურად, რიგ შემთხვევებში, ჩვენ წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედმა მხარეებმა – უკრაინამ, ნატოს ქვეყნებმა და ალიანსის მიღმა მყოფმა დასავლეთის ზოგიერთმა სახელმწიფომ – უკვე შექმნეს ვითარებები, რომლებშიც რუსეთი ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს“, – განაცხადა მედვედევმა.

ამასთან, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას რუსეთის პრეზიდენტი ყველა გარემოებას აფასებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება როგორც არსებული საფრთხეებისა და მიყენებული ზიანის ანალიზს, ისე საპასუხო ზომების პროპორციულობის შეფასებას.

„ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას რუსეთის პრეზიდენტი ყოველთვის ხელმძღვანელობს ყველა ფაქტორის ყოვლისმომცველი ანალიზით და რეალურად მიყენებულ ზიანსა და საპასუხო ზომებს შორის პროპორციულობის გათვალისწინებით“, – აღნიშნა მედვედევმა.