ევროპარლამენტში 25 ნოემბერს საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის პროექტის განხილვა გაიმართა. დებატების მთავარი საკითხები პაატა ბურჭულაძის პატიმრობა, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესება იყო.

ევროპარლამენტში საკითხთან დაკავშირებით ექვსი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები წარადგინეს. მათი უმრავლესობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კრიტიკულად აფასებს, თუმცა წარმოდგენილია ალტერნატიული დოკუმენტიც, რომლის ავტორები საქართველოს საშინაო საქმეებში ევროკავშირის ჩარევასა და სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებიან.

რეზოლუციას, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები “ქართული ოცნების” რეჟიმის პირობებში, ევროპარლამენტარები დღეს, 26 ნოემბერს, უყრიან კენჭს.

რას ითვალისწინებს რეზოლუციის პროექტები?

ევროპარლამენტში დოკუმენტები ექვსი პოლიტიკური ჯგუფის სახელით წარადგინეს:

  • ევროპის სახალხო პარტია (EPP);

  • სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი (S&D);

  • განახლებული ევროპა (Renew Europe);

  • მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი (Greens/EFA);

  • ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR);

  • სუვერენული ერების ევროპა (ESN).

პროექტების უმრავლესობაში პაატა ბურჭულაძის საქმე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების ფართო კონტექსტშია განხილული.

ევროპის სახალხო პარტია ბურჭულაძისა და იმ პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს, რომელთა პატიმრობასაც პოლიტიკური მოტივებით განპირობებულად მიიჩნევს.

დოკუმენტებში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, პატიმრობის პირობებზე, დაკავებულთა სამედიცინო მომსახურებასა და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის შესაძლებლობაზე.

ევროპელი სოციალისტებისა და დემოკრატების პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჯგუფი ბურჭულაძის საქმის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად ხელახლა განხილვას მოითხოვს.

სანქციების მოთხოვნა – ვინ არიან დასახელებული დოკუმენტებში?

რეზოლუციის პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებაა.

ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, განიხილონ სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური აქტივების გაყინვის საკითხი.

დოკუმენტში კონკრეტულად დასახელებული არიან ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

სოციალისტებისა და დემოკრატების მიერ მომზადებულ პროექტში სანქციების მოთხოვნა მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებსაც ეხება. ევროპარლამენტართა ნაწილი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას სასამართლო პროცესების სამართლიანობასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას უკავშირებს.

დოკუმენტების ავტორები ასევე გამოდიან მოწოდებით, დამოუკიდებლად გამოიძიონ საპროტესტო აქციების დროს ძალის სავარაუდო გადამეტებისა და დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.

რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში?

ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება პაატა ბურჭულაძის პატიმრობაზე, მის საერთაშორისო აღიარებასა და სამოქალაქო საქმიანობაზე გაამახვილა.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ბურჭულაძე 71 წლისაა და საქართველოსთან ერთად ავსტრიის მოქალაქეობასაც ფლობს. მისი შეფასებით, ბურჭულაძის პატიმრობა დემოკრატიისა და თავისუფლების მოთხოვნასთან არის დაკავშირებული.

ბრანდშტეტერმა საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და ევროპარლამენტს რეზოლუციის მხარდაჭერისა და ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნისკენ მოუწოდა.

რასა იუკნევიჩიენას თანაავტორობით მომზადებულ ევროპის სახალხო პარტიის დოკუმენტში პაატა ბურჭულაძის საქმე სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მაგალითად არის შეფასებული.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მიმდინარე სამართლებრივი პროცესები დემოკრატიული გარემოს გაუარესებაზე მიუთითებს.

“განახლებული ევროპის” პოლიტიკური ჯგუფი განსაკუთრებულ ყურადღებას ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პატიმრობის პირობებსა და საკონსულო წვდომის საკითხს უთმობს.

ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ბურჭულაძისთვის სათანადო სამედიცინო მომსახურება, ოჯახის წევრებთან რეგულარული კომუნიკაცია და საკონსულო წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

ალტერნატიული რეზოლუცია – ევროპარლამენტში განსხვავებული პოზიციაც არსებობს

ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის ყველა პროექტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ერთნაირ შეფასებებს არ შეიცავს.

პოლიტიკური ჯგუფი „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN) ეწინააღმდეგება საქართველოს საშინაო პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებში ევროკავშირის ჩარევას.

ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების სუვერენული უფლებამოსილება და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის აუცილებლობა.

პროექტის ავტორები გმობენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობას და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია მშვიდობიანი შეკრებისა და პოლიტიკური ოპოზიციის უფლებების დაცვის აუცილებლობაც.

ჯგუფი ევროკავშირს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და პოლიტიკური ზეწოლისგან. ავტორების შეფასებით, მსგავსმა პოლიტიკამ შესაძლოა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივები დააზიანოს.

საქართველოს ხელისუფლების რეაქცია

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დაგეგმილ განხილვას მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, ევროპარლამენტის ბოლო პერიოდის რეზოლუციები და დებატები საქართველოს სამართლებრივი პროცედურების უგულებელყოფისკენ მოწოდებებს შეიცავს.

წილოსანის შეფასებით, მსჯავრდებულთა გათავისუფლების საკითხი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. მან ამ კონტექსტში დანაშაულის აღიარებისა და შეწყალების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპარლამენტში გამართული დებატები საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის კიდევ ერთი ფორმაა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, მისი შეფასებით, საქართველოში არსებულ რეალობას არ ასახავს და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

დეპუტატმა რეზოლუციის ავტორები საქართველოში რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მისი შეფასებით, მსგავსი დოკუმენტების მიღებას პრაქტიკული სამართლებრივი შედეგი არ ექნება.

მმართველი გუნდის პოზიციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი პროცესები დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება და არა პირების პოლიტიკურ შეხედულებებს.

ევროპარლამენტართა ნაწილის შეფასებები და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არსებითად განსხვავდება.

ოპოზიციის პოზიცია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ევროპარლამენტში ინიცირებულ რეზოლუციას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოხატულებად აფასებს.

მისი განცხადებით, დასავლელი პარტნიორებისთვის მიუღებელია საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერება.

ბეჟაშვილის შეფასებით, პაატა ბურჭულაძისა და სხვა პატიმრების შესახებ მომზადებული რეზოლუცია საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას ემსახურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ევროპელი პარტნიორების კრიტიკული შეფასებები გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ მიდგომებს არ შეცვლის.

ბეჟაშვილი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების მიერ საპროცესო შეთანხმებების გაფორმებისა და შეწყალების მოთხოვნის საკითხსაც გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემების პირობებში პატიმრებმა გათავისუფლებისთვის ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. ამასთან, ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ის პირები, რომლებიც საპროცესო შეთანხმებას დათანხმდნენ ან შეწყალება მოითხოვეს, საზოგადოებრივი გაკიცხვის სამიზნე არ უნდა გახდნენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მათ პოლიტიკური და სამოქალაქო საქმიანობის გაგრძელების მეტი შესაძლებლობა ექნებათ.

ბეჟაშვილის შეფასება არსებითად განსხვავდება მმართველი გუნდის პოზიციისგან. მაშინ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად და პოლიტიკური ზეწოლის ფორმად განიხილავენ, ბეჟაშვილი მას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერად აფასებს.

პაატა ბურჭულაძის საქმე

პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

იმ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა, პარალელურად კი დედაქალაქში ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს.

2026 წლის 7 მაისს პაატა ბურჭულაძეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საქმეს ძალადობრივი მოქმედებებისა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კონტექსტში განიხილავს. თავად ბურჭულაძე წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს.

ევროპარლამენტართა ნაწილი კი მის წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ პროცესს პოლიტიკური მოტივებით განპირობებულად მიიჩნევს და სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობას სადავოდ ხდის.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი

რეზოლუციის ცალკეულ პროექტებში საუბარია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეზეც, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების შესაძლო აკრძალვას ეხება.

პარლამენტის 88 წევრის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში სასამართლო განიხილავს შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველო – ლელო”, “ფედერალისტური პარტია” და “გახარია საქართველოსთვის”.

მოსარჩელეთა პოზიციით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული. მოპასუხე პოლიტიკური გაერთიანებები ბრალდებებს უარყოფენ და სარჩელის დასაბუთებას სადავოდ მიიჩნევენ.

საქმის არსებითი განხილვა ოქტომბერში დაიწყო. ევროპარლამენტართა ნაწილი შესაძლო აკრძალვას პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული კონკურენციისთვის საფრთხედ განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

ევროპარლამენტის წინა რეზოლუციები – როგორ იცვლებოდა მოთხოვნები?

საქართველოს შესახებ მიმდინარე განხილვა ევროპარლამენტის მიერ ბოლო წლებში მიღებული კრიტიკული რეზოლუციების გაგრძელებაა.

2025 წლის ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე. დოკუმენტი მის გათავისუფლებას, მედიის თავისუფლების დაცვასა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.

2026 წლის 17 ივნისს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა კვლავ გაამახვილა ყურადღება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობაზე და სანქციების დაწესების მოთხოვნა გაიმეორა.

2026 წლის 8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის უკან გაწვევის მოთხოვნას შეიცავდა.

ნოემბერში ინიციირებული დოკუმენტის ცენტრალური საკითხი უკვე პაატა ბურჭულაძის პატიმრობაა, თუმცა კვლავ აქტუალურია წინა რეზოლუციებში დასახელებული მოთხოვნებიც.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა

ახალი რეზოლუციის განხილვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. თუმცა შემდგომ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის უთანხმოება გაღრმავდა.

2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა.

ევროპარლამენტართა ნაწილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში პროგრესს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას უკავშირებს.

საქართველოს ხელისუფლება კი ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლისა და ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში ჩარევის შესახებ საუბრობს.

ამ განსხვავებული პოზიციების ფონზე ახალი რეზოლუცია თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

რა სამართლებრივი ძალა აქვს ევროპარლამენტის რეზოლუციას?

ევროპარლამენტის ამ ტიპის რეზოლუცია არასაკანონმდებლო დოკუმენტია და სავალდებულო სამართლებრივი ძალა არ აქვს.

მისი მიღება ავტომატურად არ ნიშნავს სანქციების ამოქმედებას, პატიმრების გათავისუფლებას ან საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობების სამართლებრივი ფორმატის შეცვლას.

ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებას ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება სჭირდება.

მიუხედავად ამისა, რეზოლუციას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ის ევროპარლამენტის პოზიციას გამოხატავს და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს შესახებ შემდგომ პოლიტიკურ განხილვებზე.

როდის გაიმართება კენჭისყრა?

ევროპარლამენტის ოფიციალური დღის წესრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს 26 ნოემბერს, სტრასბურგის დროით 12:00-14:00 საათის შუალედში, თბილისის დროით კი 15:00-17:00 საათის შუალედში უყრიან.

კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდება დოკუმენტის საბოლოო შინაარსი და ის, თუ რომელ მოთხოვნებს დაუჭერს მხარს ევროპარლამენტის უმრავლესობა.