2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ერაყსა და სირიაში ე.წ. ხალიფატის გამოცხადებიდან 12 წლის თავზე, გლობალური ჯიჰადისტური მოძრაობა მნიშვნელოვნად შეიცვალა.
როგორც BBC-ის ანალიტიკურ სტატიაშია აღნიშნული, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებების ნაწილი დასავლეთზე თავდასხმებისა და გლობალური ისლამური სახელმწიფოს შექმნის ნაცვლად, სულ უფრო მეტად ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებაზე კონცენტრირდება.
განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ცვლილება „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულ ორგანიზაციებში, რომელთა ნაწილი პოლიტიკური კომპრომისებისა და ადგილობრივ ძალებთან თანამშრომლობისთვის მზაობას გამოხატავს.
თუმცა ექსპერტებს შორის კვლავ აქტუალურია კითხვა: რამდენად ასახავს ეს პროცესი რეალურ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას და რამდენად წარმოადგენს გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად ტაქტიკის ცვლილებას?
სამხედრო მარცხი და გავლენის ახალი გეოგრაფია
ვერც „ალ-ქაიდამ“ და ვერც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ვერ შეძლეს თავიანთი გლობალური პოლიტიკური მიზნების სრულად განხორციელება. ორივე ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი სამხედრო მარცხი განიცადა, დაკარგა ლიდერები და წლების განმავლობაში საერთაშორისო სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის პირობებში მოქმედებდა.
„ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც ერთ დროს ერაყისა და სირიის ვრცელ ტერიტორიებს აკონტროლებდა, უკანასკნელი ტერიტორიული საყრდენი 2019 წელს დაკარგა.
თუმცა ტერიტორიული მარცხი ჯიჰადისტური მოძრაობების გაქრობას არ ნიშნავდა.
BBC-ის შეფასებით, დღეს ჯიჰადისტური დაჯგუფებების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად აფრიკა იქცა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა საჰელის რეგიონსა და სომალიში, სადაც „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები ხანგრძლივ შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობენ.
„ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება JNIM აქტიურად მოქმედებს მალიში, ბურკინა-ფასოსა და ნიგერში, ხოლო „ალ-შაბაბი“ სომალის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებს.
პარალელურად, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები მოქმედებენ ნიგერიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მოზამბიკში, სომალისა და საჰელის რეგიონში.
სირიის გამოცდილება და პოლიტიკური პრაგმატიზმი
ჯიჰადისტური მოძრაობების შიგნით მიმდინარე დისკუსიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სირიაში განვითარებული მოვლენები იქცა.
სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა, რომელიც წარსულში „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული, ხელისუფლებაში 2024 წლის დეკემბერში მოვიდა.
ალ-შარაა, რომელიც ადრე აბუ მოჰამედ ალ-ჯოლანის სახელით იყო ცნობილი, ხელმძღვანელობდა დაჯგუფება „ალ-ნუსრას ფრონტს“, მოგვიანებით კი – „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს“ (HTS).
დროთა განმავლობაში მან ორივე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი გაწყვიტა, გლობალური ჯიჰადის იდეას გაემიჯნა და საქმიანობა სირიის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გადაიტანა.
BBC-ის შეფასებით, მის პოლიტიკურ ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობამ და საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობის დამყარების მცდელობამ.
ამასთან, ხელისუფლებაში მის მოსვლას ხელს უწყობდა შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო, მათ შორის, რუსეთისა და ირანის პოზიციების შესუსტება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ალ-შარაას საერთაშორისო პოლიტიკური აღიარების პროცესი. 2025 წლის ნოემბერში იგი თეთრ სახლშიც მიიღეს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
თუმცა ალ-შარაას პოლიტიკური კურსი ჯიჰადისტურ მოძრაობებში ერთგვაროვნად არ შეფასებულა. ორგანიზაციების ნაწილი მის გამოცდილებას პოლიტიკური ტრანსფორმაციის მაგალითად განიხილავს, რადიკალური ფრთის წარმომადგენლები კი კომპრომისებს იდეოლოგიური პრინციპების ღალატად მიიჩნევენ.
„ისლამური სახელმწიფო“ სირიის ახალ ხელისუფლებას კვლავ მოწინააღმდეგედ განიხილავს და მის წინააღმდეგ შეიარაღებულ მოქმედებებს განაგრძობს.
ავღანეთის გამოცდილება
რადიკალური ისლამისტური მოძრაობების სტრატეგიულ დისკუსიებზე გავლენა მოახდინა ავღანეთში „თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნებამაც.
2021 წელს, დასავლეთის სამხედრო ძალების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ, „თალიბანმა“ ქვეყანაზე კონტროლი აღადგინა.
BBC-ის შეფასებით, ავღანეთისა და სირიის გამოცდილება ჯიჰადისტური ორგანიზაციების შიგნით პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების განსხვავებული მიდგომების შესახებ დისკუსიის საფუძველი გახდა.
ამ დისკუსიის ერთ მხარეს არიან რადიკალური პოზიციების მხარდამჭერები, რომლებიც ფართო პოლიტიკური კომპრომისების წინააღმდეგ გამოდიან, მეორე მხარეს კი – შედარებით პრაგმატული ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობასა და სხვა ძალებთან თანამშრომლობას განიხილავენ.
თუმცა პრაგმატული მიდგომა თავისთავად არ ნიშნავს ძალადობრივი მეთოდების ან რადიკალური იდეოლოგიის უარყოფას.
აფრიკა – ჯიჰადისტური მოძრაობების გავლენის ახალი ცენტრი
BBC განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მალიში მოქმედ JNIM-სა და სომალიში მოქმედ „ალ-შაბაბს“.
ორივე ორგანიზაციის შემთხვევაში შეინიშნება საჯარო კომუნიკაციის ცვლილება. საერთაშორისო ჯიჰადისტური რიტორიკის ნაცვლად, მათი პროპაგანდა სულ უფრო მეტად ადგილობრივ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებზეა ორიენტირებული.
მალიში მოქმედი JNIM საკუთარ საჯარო განცხადებებში ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების საქმიანობაზე, კორუფციაზე, უსაფრთხოებისა და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე.
სომალიში კი „ალ-შაბაბი“ აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას მოსახლეობისთვის გაწეული ე.წ. ჰუმანიტარული დახმარების შესახებ.
2026 წლის აგვისტოში ორგანიზაციამ გაავრცელა ცნობები, რომ ასობით ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.
BBC აღნიშნავს, რომ მსგავსი აქტივობების გაშუქება დაჯგუფების პროპაგანდისტული საქმიანობის ნაწილია და მოსახლეობის თვალში მისი იმიჯის შეცვლას ემსახურება.
ამასთან, სომალიში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა, უსაფრთხოების პრობლემები და აფრიკის კავშირის სამხედრო მისიის შემცირება ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით დამატებით გამოწვევებს ქმნის.
იცვლება თუ არა დასავლეთის პრიორიტეტები?
ჯიჰადისტური ორგანიზაციების საქმიანობის ტრანსფორმაცია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს ცვლილების ფონზე მიმდინარეობს.
უკრაინაში მიმდინარე ომმა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ირანის დაპირისპირებამ, ჩინეთთან და რუსეთთან მზარდმა გეოპოლიტიკურმა კონკურენციამ დასავლეთის უსაფრთხოების დღის წესრიგში სხვა საკითხების მნიშვნელობა გაზარდა.
ტერორიზმთან ბრძოლა კვლავ საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება, თუმცა მას აღარ აქვს ის დომინანტური ადგილი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ეკავა.
BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ყურადღების გადანაწილებამ შესაძლოა გარკვეულ რეგიონებში უსაფრთხოების დამატებითი რისკები წარმოშვას.
უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კვლევითი ორგანიზაციის, Soufan Center-ის აღმასრულებელი დირექტორის, კოლინ კლარკის შეფასებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გაანალიზებას, რამდენად რეალურია რადიკალური დაჯგუფებების პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილებები.
ისტორიული გამოცდილება და იდეოლოგიური ტრანსფორმაციის საკითხი
BBC აღნიშნავს, რომ ჯიჰადისტური ორგანიზაციების მიერ საჯარო რიტორიკისა და პოლიტიკური პოზიციონირების ცვლილება ახალი მოვლენა არ არის.
მსგავსი ტენდენციები 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგაც შეინიშნებოდა იემენში, ლიბიაში, ტუნისსა და მალიში.
ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ორგანიზაციის საჯარო იმიჯის ცვლილება ყოველთვის არ გულისხმობს მისი ფუნდამენტური მიზნების გადახედვას.
კოლინ კლარკი არ გამორიცხავს, რომ თანამედროვე ჯიჰადისტური მოძრაობების ნაწილის პრაგმატული პოზიციონირება მხოლოდ დროებითი სტრატეგიული ცვლილება იყოს.
მისი შეფასებით, მთავარი კითხვაა, რეალურად იწვევს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ამ ორგანიზაციების ზომიერ პოლიტიკურ ძალებად გარდაქმნას, თუ მათი ცვლილება მხოლოდ არსებული პოზიციების შენარჩუნებასა და გაძლიერებას უკავშირდება.
ამასთან, ჯიჰადისტური მოძრაობის ყველა წარმომადგენელი ერთნაირ ტრანსფორმაციას არ განიცდის. „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ გლობალური მიზნების ერთგულია და პოლიტიკური კომპრომისების წინააღმდეგ გამოდის.
გლობალური ჯიჰადიზმის დასასრული თუ ახალი ეტაპი?
BBC-ის ანალიზის თანახმად, ჯიჰადისტური მოძრაობების მომავალი განვითარების შესახებ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია.
ზოგიერთმა ორგანიზაციამ შესაძლოა ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე კონცენტრირება გააგრძელოს, სხვებმა კი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და საერთაშორისო ტერორიზმის გზას არ გადაუხვიონ.
მთავარ გამოწვევად რჩება იმის განსაზღვრა, რამდენად წარმოადგენს საჯარო რიტორიკის ცვლილება რეალურ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას.
გლობალური ჯიჰადისტური პროექტი მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური მარცხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა თავად ჯიჰადიზმი საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ გამოწვევად რჩება.