საკვების პლასტმასის შეფუთვაში გამოყენებული ახალი თაობის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ინდუსტრიამ შედარებით უსაფრთხო ალტერნატივად წარმოადგინა, შესაძლოა ახალშობილთა დაბალ წონასა და ნაყოფის ზრდის შეფერხებას უკავშირდებოდეს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის, NYU Langone Health-ის მკვლევართა მიერ ჩატარებული კვლევა ყურადღებას ამახვილებს ნივთიერებაზე, რომელიც DINCH-ის სახელით არის ცნობილი და ფართოდ გამოიყენება როგორც ევროკავშირში, ისე შეერთებულ შტატებში.
რა არის DINCH და სად გამოიყენება ის?
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, როდესაც პლასტმასის წარმოებაში გამოყენებული ფტალატების ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხეები უფრო ნათელი გახდა, ქიმიურმა ინდუსტრიამ მათი ალტერნატივების მოძიება დაიწყო.
ერთ-ერთი ასეთი ნივთიერება DINCH აღმოჩნდა, რომელიც მწარმოებლებმა მაღალი უსაფრთხოების მქონე ალტერნატივად წარმოადგინეს.
DINCH პლასტმასას მოქნილობასა და გამძლეობას მატებს. ის სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის წარმოებაში გამოიყენება, მათ შორის:
-
საკვების მოქნილ პლასტმასის შეფუთვაში;
-
საკვების შესაფუთ ზოგიერთ პლასტმასის ფირში;
-
საბავშვო სათამაშოებში;
-
სამედიცინო მოწყობილობებში;
-
ტექსტილის ზოგიერთ ნაწარმში;
-
იატაკის საფარში.
თუმცა ახალი კვლევა აჩენს კითხვებს იმის შესახებ, რამდენად უსაფრთხოა ამ ნივთიერებასთან ხანგრძლივი შეხება.
რა აჩვენა 6 600-ზე მეტი ორსულობის მონაცემების ანალიზმა?
მკვლევრებმა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების პროგრამის ფარგლებში შეგროვებული, 6 600-ზე მეტი ორსულობის მონაცემები გააანალიზეს.
ქალების 70%-მდე შარდის ნიმუშებში DINCH-ის მეტაბოლიტები გამოვლინდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნივთიერების ზემოქმედების უფრო მაღალი მაჩვენებლები დაკავშირებული იყო ახალშობილის დაბალ წონასთან, სხეულის ნაკლებ სიგრძესა და გესტაციური ასაკისთვის მცირე ზომის ნაყოფის დაბადების მომატებულ რისკთან.
კვლევის თანახმად, DINCH-ის ზემოქმედების მაჩვენებლის ყოველი ათმაგი ზრდა ახალშობილის დაბადებისას საშუალოდ 27 გრამით ნაკლებ წონასთან იყო დაკავშირებული.
შედარებისთვის, ახალშობილის საშუალო წონა დაახლოებით 3 400 გრამია.
მიუხედავად იმისა, რომ 27 გრამი ინდივიდუალურ დონეზე შესაძლოა მცირე სხვაობად გამოიყურებოდეს, მკვლევრებისთვის საყურადღებოა მოსახლეობის ფართო ჯგუფებში ნაყოფის ზრდაზე შესაძლო ზემოქმედება.
როგორ შეიძლება ქიმიური ნივთიერება ნაყოფის განვითარებაზე მოქმედებდეს?
ცხოველებსა და ადამიანის უჯრედებზე ადრე ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ DINCH-ის დაშლის შედეგად წარმოქმნილმა ნივთიერებებმა შესაძლოა ჰორმონული სისტემის ფუნქციონირებას შეუშალოს ხელი.
საუბარია ჰორმონებზე, რომლებიც ორსულობის პერიოდში ნაყოფის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მეცნიერები ასევე განიხილავენ ანთებითი პროცესების განვითარების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა ნაყოფისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებაზე იმოქმედოს.
ნაყოფის ზრდის დარღვევა, თავის მხრივ, მოგვიანებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სწავლის სირთულეების, სიმსუქნისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მომატებულ რისკს უკავშირდება.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ DINCH-ის ზემოქმედება უშუალოდ ამ დაავადებებს იწვევს.
როდესაც ერთი საშიში ნივთიერება მეორით იცვლება
მკვლევართა შეფასებით, DINCH-ის შემთხვევა შესაძლოა კიდევ ერთი მაგალითი იყოს პრაქტიკისა, როდესაც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ქიმიურ ნივთიერებას ინდუსტრია ისეთი ალტერნატივით ანაცვლებს, რომლის უსაფრთხოებაც სათანადოდ შესწავლილი არ არის.
სამეცნიერო ლიტერატურაში ამ მოვლენას regrettable substitution – არასასურველ ჩანაცვლებას უწოდებენ.
მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანოებმა ზოგიერთი ფტალატის გამოყენების შეზღუდვა დაიწყეს, ინდუსტრიაში DINCH-ის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მის ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელს გერმანული ქიმიური კომპანია BASF წარმოადგენს.
გავრცელებული სამრეწველო მონაცემების თანახმად, DINCH-ის გლობალური წარმოება 2002 წელს 25 ათასი ტონა იყო, 2024 წელს კი 400 ათას ტონას მიაღწია.
შვეიცარიაში დაფუძნებული ორგანიზაციის, Food Packaging Forum-ის მკვლევრებიც შეშფოთებას გამოთქვამენ ნივთიერების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევების სიმცირის გამო.
არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ DINCH შესაძლოა პლასტმასის შეფუთვიდან საკვებში გადავიდეს. ევროპის მოსახლეობაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ ნივთიერების ზემოქმედების მაჩვენებელი იზრდება.
მეცნიერები ქიმიური ნივთიერებების მკაცრ კონტროლს ითხოვენ
კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორის, ლეონარდო ტრაზანდეს განცხადებით, ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოება მათი ფართო მოხმარებაში გაშვებამდე უნდა შემოწმდეს და არა მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეები გამოვლინდება.
მეცნიერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკვების შეფუთვასა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებზე ზედამხედველობის გაძლიერება.
მისი შეფასებით, გაეროს ფარგლებში პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ საერთაშორისო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ამ მიმართულებით ახალი სტანდარტების შემუშავების შესაძლებლობას ქმნის.
როგორ შევამციროთ პლასტმასაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება?
ზემოქმედების შემცირების ერთ-ერთი შესაძლო გზაა ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასის გამოყენების შეზღუდვა.
მომხმარებლებს შეუძლიათ, შესაძლებლობის ფარგლებში, უპირატესობა მიანიჭონ მინის შეფუთვაში მოთავსებულ საკვებს, პროდუქტების შესანახად მინის კონტეინერები გამოიყენონ, სამზარეულოში კი მინისა და ხის შესაბამისი ინვენტარი შეარჩიონ.
ცნობისთვის, კვლევა დაკვირვებით ხასიათს ატარებს. ის DINCH-ის ზემოქმედებასა და ახალშობილთა დაბალ წონას შორის სტატისტიკურ კავშირს აჩვენებს, თუმცა პირდაპირ მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებას არ ადასტურებს.
წყარო: The Guardian