„ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ. ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. ეს კამპანია დაწყებულია სწორედ სააღდგომოდ. ეს არ მოდის ბრიუსელიდან და არცერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანი არის სწორედ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზეც ესენი წუხან და რომლის შეჩერება სურთ, არა! ეს არის მათი მიზანი, რაც მოჰყვება მათ ქმედებებს. ყოველდღიურად ხან ლანძღავენ ევროპის რომელიმე დედაქალაქს, აქაურ ელჩებს პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან, ეს არის იმ გადაწყვეტილების გაგრძელება, რომელიც 28 ნოემბერს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე მიიღეს. მივდივართ იმისკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა. რუსეთის მიზანია, საქართველო იყოს მთლიანად იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარტნიორებისგან, რომ აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის სხვადასხვა განზრახვების ქვეშ“,-ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ასევე, მცდელობა არის, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან. არავის სჯის ევროპა, გარდა გარკვეული პირებისა, როცა ინდივიდუალური სანქციები არის გამოცხადებული.თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს და ყველა ფორმით ეცდება საქართველო ჩამოაშოროს თავის პარტნიორებს, გადმოიყვანოს ჩაკეტილ მდგომარეობაში, იზოლაციაში, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ივანიშვილს და იმ „კლანს“, რომელიც დღეს ამ ქვეყანას რუსული წესებით მართავს. ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოვუსმინოთ. უნდა დაფიქრდეთ და ნახოთ, ვინ აშორებს საქართველოს ევროპისგან, ევროპამ რამდენი რამ გააკეთა იმისთვის, რომ გაუხსნას ქართველებს ის გზა, რომელიც ქართულ პასპორტს ევროპულ პასპორტად გადააქცევს. თუ არსებობს რეალური გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ხვალ შემოვიერთოთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ეს არის სწორედ ევროპაში შესვლა და არა ევროპისგან ჩამოშორება. ესეც არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ,”-განაცხადა ზურაბიშვილმა.