შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი (BSSC), რომლის მიზანია საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემების დაკავშირება, ევროკომისიამ „ორმხრივ ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა. აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ასახული.
როგორც ახლანდელი გადაწყვეტილება მიუთითებს, ევროკომისიამ სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკული პროექტი აღიარა როგორც „საერთო ინტერესის პროექტი“ (PCI) და „ორმხრივი ინტერესის პროექტი“ (PMI). ევროკომისიის წარმომადგენლების განცხადებით, ამ 235 პროექტის მხარდაჭერით, ევროკომისია ხელს უწყობს ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
შერჩეული პროექტები შეძლებენ ევროკავშირის დაფინანსების მიღებას და ისარგებლებენ დაჩქარებული ნებართვისა და რეგულირების პროცესებით, რაც ხელს შეუწყობს მათ რეალიზაციასა და დროულ მიწოდებას.
ევროკომისიის ცნობით, ეს პროექტები ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებას შეუწყობს ხელს ევროპაში და მნიშვნელოვნად დააახლოებს ენერგოკავშირის სრულყოფილი შექმნის პროცესთან.
ცნობისთვის, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის (PMI) მოსაპოვებლად, ევროკომისიამ 2024 წელს გამოაცხადა PCI (Projects of Common Interest)/PMI (Projects of Mutual Interest) პროექტების მიღების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმაც“.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის შექმნას, რომელიც საქართველოსა და ევროპის ელექტრო ენერგეტიკული სისტემების დაკავშირებას უზრუნველყოფს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკვე განახორციელა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ პროექტი პერსპექტიული და განხორციელებადია.
პროექტის თანახმად, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, გააგრძელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.