ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული იმ დრომდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ გამოავლენს მკაფიო და მტკიცე ერთგულებას პოლიტიკური კურსის შეცვლისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიმართ. აღნიშნული შეფასება მოცემულია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოების საკითხზე მიღებულ დასკვნებში, რომელთა თარგმანს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის საბჭო მიუთითებს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში არსებულ მნიშვნელოვან და სისტემურ უკუსვლაზე. შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა და კონკრეტული ქმედებები არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რომლებიც ევროკავშირს აქვს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე, ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების დევნაზე, საპროტესტო აქციებში მონაწილეთა და ჟურნალისტთა უსაფუძვლო დაკავებებზე, ასევე სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზე.

საბჭო ხაზგასმით გმობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებასა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გამოყენებას და მოუწოდებს აღნიშნული პრაქტიკის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ამასთან, დოკუმენტში სინანულით არის აღნიშნული ცხრა რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით დაფიქსირებული უკუსვლა, რომელთა გათვალისწინებითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო ასკვნის, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი დროებით შეჩერებულია, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიზნით.

დასკვნებში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული ხასიათის კანონმდებლობა და განახორციელოს დემოკრატიული, ინკლუზიური და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად. ამავე კონტექსტში, საბჭო მოითხოვს ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩებისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ აგრესიული რიტორიკის შეწყვეტას, როგორც ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის საწყის ნაბიჯს.

დოკუმენტში ასევე ხელახლა დასტურდება ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მხარდაჭერის გზით.

ამასთან, საბჭო გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის შესახებ მეშვიდე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას, აღნიშნული რეკომენდაციები სრულად შეასრულოს და ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს.

დასკვნებში ასევე ხაზგასმულია მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან სრული თანხვედრის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის კონტექსტში უმთავრეს პრიორიტეტად არის განსაზღვრული. ამასთან, საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის პოზიციებს, და გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის პრევენციის მიმართულებით.