„დაახლოებით, 4 საათი იქნებოდა, ჩემს ნომერზე დარეკეს. ვინც მანამდე სუს-ში დამიბარა და დამკითხა, ის ქალბატონი იყო, მითხრა, რომ დამატებით ჰქონდა კითხვები, მოწმის სახით მიბარებდა და ასევე იბარებდა ბაჩოს და ზვიად გაგუასაც, ჩვენი ოჯახის ახლობელს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. მე ვუპასუხე, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, გამომდინარე იქიდან, რომ მასკარადი, მოაწყვეს წინა დაკითხვაზე სასწრაფოსთან და ცუდად გახდომასთან დაკავშირებით, როცა მთელი დღე ჰყავდათ დაკითხვაზე რაღაც ერთი ხმის ნიმუშის გამო. შიგნით რაც ხდებოდა, თვითონ ძალიან კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვუპასუხე [მაგისტრ მოსამართლესთან მისვლის თაობაზე]. მითხრა, რომ კი ბატონო, ამას ოქმით დავაფიქსირებ და დაგიკავშირდებითო. ზუსტად ნახევარ საათში, დაახლოებით 30 ავტომატიანი და ნიღბიანი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შემოცვივდა. იდგენენ შემოსატეხი რაღაცებით და ავტომატებით. ტელეფონი გავხსენი ეგრევე, „ლაივი“ რომ ჩამერთო, იმიტომ, რომ საოცარი სანახაობა იყო, არ ვიცი, ეს ავტომატიანი ხალხი რა საჭირო იყო. ეგრევე მომიშვირეს ავტომატები და მითხრეს, ტელეფონი დააგდე, შენი ტელეფონი ნივთმტკიცებაა, ამოღებულია და არ გაქვს [გამოყენების] უფლებაო. მომადგა ის ქალბატონი გამომძიებელი და მითხრა, რომ თქვენც დაპატიმრებული ხართ და აქეთ გადმობრძანდითო და დაიწყეს ჩემი ოქმის შევსებაც. მე გამიყვანეს, მერე გაიყვანეს ბაჩო და მერე წაუყვანიათ ზვიად გაგუა. სუს-ში წაიყვანეს დაკითხვაზე, იქ უთხრეს, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო, დაადასტურე, რომ ჰქონდა კონტაქტი, ორგანიზატორი იყო და ანის გამოვუშვებთო, თუ არადა, ხედავთ, რომ ორივე დაჭერილია და ბავშვები დედ-მამის გარეშე დარჩებიანო. მერე გამოუშვეს, მოიყვანეს სახლში, სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა და ცოტა ხანში ისევ წაიყვანეს, იგივე უთხრეს, რამე ხომ არ მოიფიქრე, დასამატებელი ხომ არ გაქვსო?!

ბაჩო, რამდენიმე კვირის წინ აპირებდა უკან გაბრუნებას ისევ პოლონეთში. ჩვენ იქ ემიგრაციაში ვიყავით წასული, როგორც ყველა ემიგრანტი. ლუკმა-პურის საშოვნელად ვიყავით, ბანკში გვაქვს ყველაფერი, ძალიან დიდი დავალიანება გვაქვს. აქ, მოგეხსენებათ, არავინ გვამუშავებს და სამსახურს ვერ ვიშოვით და საზღვარზე არ გაუშვეს, გამოაბრუნეს საზღვრიდან დაახლოებით 3 კვირის წინ. არაფერი არ უთხრეს მიზეზი. ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენი ყველა გადაადგილება და ჩვენთანაც ვინ მოდიოდა. დიდი ხანია ლუპის ქვეშ ვართ. ის, რაც გუშინ ბრიფინგზე მოისმინა საქართველომ, ეს იყო სრული ბოდვა,”-ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა ,,ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.