8 იანვარს თეირანში მცხოვრები რეზა საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა მეუღლესთან, მარიამთან ერთად. ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ მიდიოდნენ, როდესაც მოულოდნელად რეზამ ხელში სიმსუბუქე იგრძნო — მარიამი ჩაიკეცა. მამაკაცს ხელში მხოლოდ ქურთუკი შერჩა: ქალი სასიკვდილოდ დაიჭრა უცნობი მიმართულებიდან ნასროლი ტყვიით.

BBC-ი შემთხვევის შესახებ წყვილის ერთ-ერთ ნათესავს ესაუბრა. უსაფრთხოების მიზნით, როგორც დაზარალებულთა, ისე რესპონდენტის სახელები შეცვლილია.

რეზა მარიამის ცხედარს საათნახევრის განმავლობაში ატარებდა. ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტული, ის ერთ-ერთ ჩიხში ჩამოჯდა. ამ დროს მახლობლად მდებარე სახლის კარი გაიღო; მცხოვრებლებმა ის ავტოფარეხში შეიფარეს, თეთრი ზეწარი მიაწოდეს და გარდაცვლილი ქალი მასში გაახვიეს.

რამდენიმე დღით ადრე მარიამმა თავის შვილებს – შვიდი და თოთხმეტი წლის ასაკის ბავშვებს  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. „ხანდახან მშობლები საპროტესტო აქციებზე მიდიან და აღარ ბრუნდებიან“, – უთქვამს მას. „თქვენი და ჩემი სისხლი სხვის სისხლზე უფრო ძვირფასი არ არის“.

მარიამი იმ ათასობით დემონსტრანტთაგან ერთ-ერთია, რომლებიც შინ დაბრუნებას ელოდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს. ირანის ხელისუფლებამ სწრაფად მზარდ საპროტესტო მოძრაობას მკაცრი და ძალადობრივი მეთოდებით უპასუხა. ამერიკული ორგანიზაციის, Human Rights Activist News Agency-ის (HRANA) მონაცემებით, ადამიანის უფლებათა დამცველებმა უკვე დაადასტურეს 2400 მომიტინგის, მათ შორის 12 არასრულწლოვნის დაღუპვა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა უკიდურესად რთულია, ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლებამ გასული ხუთშაბათის საღამოს ინტერნეტი გათიშა, ხოლო დამოუკიდებელი ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვნად შეზღუდულია. მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ გაიზრდება. ირანში შესვლა აკრძალული აქვთ როგორც ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებებს, რის გამოც BBC-საც არ ეძლევა შესაძლებლობა, შემთხვევის ადგილიდან უშუალო რეპორტაჟები მოამზადოს.

წარმოდგენილი ტექსტი BBC-ის რეპორტაჟის თარგმანია; ორიგინალი ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულზე.