დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ ჩართვაზე მოწვევა 49 ქვეყანამ მიიღო. „ბლუმბერგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონაწილეთა შორის დასახელებულია ჩინეთი, უკრაინა და ევროკომისია.
სააგენტო იუწყება, რომ საბჭოს ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიებში, მათ შორის ღაზის საკითხებზე, მონაწილეობისთვის მიწვევა გაეგზავნათ არაერთ ქვეყანას აზიიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან — მათ შორის ყაზახეთს, ისრაელს, საუდის არაბეთს, ომანს, ავსტრიას, ალბანეთს, საბერძნეთს, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ახალ ზელანდიას, პაკისტანს, რუმინეთს, კატარს, სინგაპურს, სლოვენიას, ესპანეთს, ტაილანდს, უზბეკეთსა და ვიეტნამს.
„ბლუმბერგის“ ცნობითვე, ტრამპი გეგმავს, რომ „მშვიდობის საბჭოს“ დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მიმდინარე კვირაში, შვეიცარიაში, დავოსის კურორტზე მოაწეროს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, დავოსში გამგზავრებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ თუ საფრანგეთის პრეზიდენტი უარს იტყვის საბჭოში გაწევრიანებაზე, ფრანგულ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე ტარიფების დაწესებას განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინა ასევე ღაზას მიიწვია „მშვიდობის საბჭოში“ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ონლაინ ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელი დიპლომატები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას განიხილავენ.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისა და ბელარუსის მიწვევის ფაქტსაც გამოეხმაურა.
„ჩემთვის რთულია წარმოვიდგინო, როგორ ვიქნებით რუსეთთან ერთად რომელიმე საბჭოში. ეს ამ საბჭოს არ ეხება. უბრალოდ, რუსეთი „ომის საბჭოს“ მომხრეა და ბელარუსიც მის გვერდით დგას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.