კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული „ძველი წესრიგი“ საბოლოოდ იშლება და მისი აღდგენა აღარ არის მოსალოდნელი. მისი შეფასებით, მსოფლიო არ იმყოფება გარდამავალ ეტაპზე, არამედ დგას ღრმა და გარდამტეხი ცვლილებების ეპიცენტრში, რაც არსებითად ცვლის გლობალური ძალაუფლების განაწილების ლოგიკას.

კარნიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „საშუალო ძალების“ როლზე და მათ კოლექტიური მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მცირე და საშუალო ზომის სახელმწიფოებმა საკუთარი ინტერესების დასაცავად ერთობლივად უნდა იმოქმედონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღმოჩნდებიან არა გადაწყვეტილების მიმღებთა მაგიდასთან, არამედ თავად გახდებიან დიდი ძალების პოლიტიკის ობიექტები. პრემიერის განცხადებით, თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში ძლიერ სახელმწიფოებს სულ უფრო ხშირად მიმართავენ ეკონომიკურ იძულებას, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტს.

გამოსვლაში კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ „დიდი სახელმწიფოები“ — რომლებიც, როგორც წესი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს წარმოადგენენ (ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები) — საკუთარ ეკონომიკურ, ფინანსურ და სამხედრო პოტენციალს სისტემურად იყენებენ ზეწოლის გასაძლიერებლად. მისი თქმით, ეკონომიკური ინტეგრაცია გადაიქცა იარაღად, ტარიფები — ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურა — იძულების მექანიზმად, ხოლო გლობალური მიწოდების ჯაჭვები — დაუცველობად, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია გეოპოლიტიკური მიზნებისთვის.

ამ კონტექსტში კარნიმ განმარტა, რომ „საშუალო სახელმწიფოებად“ მიიჩნევიან ქვეყნები, როგორებიცაა კანადა, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ კორეა და ბრაზილია — სახელმწიფოები, რომლებიც მიუხედავად შედარებით შეზღუდული ეკონომიკური მასშტაბებისა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე. მისი შეფასებით, სწორედ ამ ქვეყნების კოორდინირებული მოქმედება წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგის ბალანსის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კანადა ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც გააცნობიერა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორიული ალიანსები აღარ წარმოადგენს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ავტომატურ გარანტიას. ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის მტკიცე ერთგულება გრენლანდიის, დანიისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერის მიმართ, რასაც ფორუმის აუდიტორიის მხრიდან ოვაციები მოჰყვა.