ლეგენდის თანახმად 5000 წლის წინ, როდესაც ჩინეთის იმპერატორი შენ ნანგი ბაღში წყალს ადუღებდა, ჭურჭელში შემთხვევით ჩაის ფოთოლი ჩავარდა. იმპერატორს სასმელი ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, უცნაური მცენარე კარგად შეესწავლა. ამის შემდეგ მან ჩაის სამკურნალო თვისებებიც აღმოაჩინა.

Ევროპელებს შორის ამ სასმელის გავრცელების პირველი შემთხვევა მეთექვსმეტე საუკუნეში გვხვდება და პირველად ის პორტუგალიელებმა გასინჯეს. Იმ პორტუგალიელებმა, რომლებიც ძირითადად მისიონერული საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. Მოგვიანებით ჩაი ჰოლანდიაშიც გავრცელდა სადაც ის მდიდარი მოსახლეობის სასმელად აღიქმებოდა. 

პოპულარული სასმელის ერთჯერადი პაკეტების დამზადების იდეა მე-20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად განიხილებოდა. ჩაის პაკეტების გავრცელება ამერიკელი ბიზნესმენის, ტომას სალივანის სახელს უკავშირდება. მან თავის კლიენტებს ჩაი გასასინჯად სწორედ ერთჯერად შეფუთვებში გაუგზავნა. ამ ხერხმა პოპულარულობა მალევე მოიპოვა და ჩაის სმის კულტურის განუყოფელი ნაწილიც გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მწვანე და შავ ჩაის ერთმანეთისგან განსხვავებული გემო აქვს, ყველა სახეობის ჩაის დასამზადებლად ერთი და იგივე ფოთლები, სახელად “კამელია სინენსის” გამოიყენება. განსხვავება ფოთლების დამუშავების წესში — მათი ფერმენტაციის ხარისხშია.

მატჩა ყველაზე მაღალხარისხიანი მწვანე ჩაის ფხვნილია, რომელსაც უნიკალური თვისებები გააჩნია. ის ჩაის ფოთოლში არსებულ საკვები ნივთიერებების ერთგვარი საბადოა. აღსანიშნავია, რომ მატჩა დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს და უჯრედების მცველია.