თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.ცნობისთვის,სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი სასამართლოს შენობაში საკუთარ სასამართლო პროცესებს მას შემდეგ არ დასწრებია, რაც 2022 წელს სამკურნალოდ „ვივამედში“ გადაიყვანეს.
,,არის უიმედობა, სასოწარკვეთილება, მაგრამ მე მოვედი, რომ გითხრათ – იმედი არის და თავისუფლება, ბედნიერება ერთი ხელის გაწვდენაზეა. რეჟიმი იზოლირებულია არა მხოლოდ ცივილიზებული სამყაროსგან და ჩვენი მეზობლებისგან, არამედ ოკუპანტი რუსეთისგანაც კი.ვინაიდან არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი და სრული დაუდევრობა, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ გამბედაობა, რომლის მაგალითიც უკვე გვაჩვენეს დატყვევებულმა ახალგაზრდებმა. მე შევეცადე ამის მაგალითი მომეცა -ზღვა გადავცურე, მომწამლეს, მიწაზე მათრიეს. ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან და ახლაც ყოველდღიურად ვრისკავ ჩემს სიცოცხლეს. მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო სიგიჟესთან გვაქვს საქმე. მთელი ერი მძევლად ვყავართ აყვანილი ერთ მძიმედ დაავადებულს, რომელმაც საკუთარი მთავარი ვეზირი, რომელსაც პრემიერ-მინისტრს უწოდებდა, ციხეში გაგზავნა, გადაწყვიტა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრი და მის დანაშაულების თანამონაწილე დაეჭირა. აჭარაში დასმული ვასალი სასიკვდილოდ გაიმეტა. მოწამლა ხალხი და მომწამლა მეც. ვინც თვალშიც ცუდად მოხვდა საკუთარ ბიზნესპარტნიორებს შორის, ალპობს ციხეში. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ რეალურად, ეს არის მაფიოზური სტრუქტურა. რა არის მაფიის ბოსის მთავარი ამოცანა – ყველა ამყოფოს შიშში, განსაკუთრებით თავისივე „კლანის“ წევრები. არაფერი ახალი არ ხდება საქართველოში,ეს არის კლასიკური მაფიოზური სისტემა.ეს ნიშნავს იმას, რომ დავძლიოთ შიში და ვთქვათ შეულამაზებელი სიმართლე, ბევრისთვის შეიძლება მწარე სიმართლე. სიმართლე კი იმაშია, რომ „ვარდების რევოლუციის“ რეფორმებს ძალიან ბევრმა ფეხი ვერ აუწყო. ჩვენ დავეტაკეთ დამპყრობლების მიერ დამკვიდრებულ „ქართულ ჯიგრულ პონტს“ და სინამდვილეში, მონურ ფსიქოლოგიას, კორუფციის და კრიმინალის ფსიქოლოგიას, ნეპოტიზმის სუბკულტურას და ამ დაჯახების დროს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შედეგები იყო, მათ შორის ჩვენთვის. ჩვენ რეალურად მოვახდინეთ მენტალური რევოლუცია და ამ მენტალურ რევოლუციას დაუპირისპირდა ეს ყაჩაღური კლანი.რა არის ჩვენი მომავალი? იქით მხარეს არის ტყუილი, უტიფრობა, დაუნდობლობა, უნიჭობა, ჭაობი, ჩვენ მხარეს არის სიმართლე, გამბედაობა, პატიოსნება, ახალგაზრდობა და მომავალი…ეს არის ბიძინა სასტიკის და მისი ბარბაროსების მიერ რუსეთის მხარდაჭერით დაპყრობილი ქვეყანა. ეს უნდა ჩამოვიბერტყოთ. სიმართლე ამარცხებს უტიფრობას, ტყუილს. მომავალი ახალგაზრდული ენერგია ამარცხებს წარსულის ჭაობს, ნიჭიერება ამარცხებს უნიჭობას,-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სტრატეგიისა და საერთო პრონციპების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„რითი განვსხვავდებით, გარდა იმისა, რომ ყველას სათითაოდ ჭამს და ყველანი ვყავართ მენიუში შეყვანილი შესაჭმელად [ხელისუფლებას]. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ, რა არის ჩვენი მომავალი – ერთი მხრივ, იქეთ არის ტყუილი, უტიფრობა, დაუნდობლობა, უკიდეგანო უნიჭობა, ჭაობი. აქეთ, ჩვენ მხარეს არის სიმართლე, პატიოსნება, ახალგაზრდობა და მომავალი. საქართველო არის დასახლებული წარმოუდგენლად ნიჭიერი ხალხით. ის, რაც ხდება, არის ის, რომ ჩვენი მენტალური შეჯახებით დროებით გაიმარჯვა და თავზე მოაჯდა საქართველოს. ეს არის ბარბაროსების მიერ, ბიძინას ბარბაროსების მიერ რუსების მხარდაჭერით დაპყრობილი ქვეყანა, სადაც ყველაზე უნიჭო, ყველაზე მახინჯი, ყველაზე გაუნათლებელი, ყველაზე უუნარო ხალხი, ყველაზე ვერაგი და მატყუარა ხალხი თავზე მოაჯდა ქართულ საზოგადოებას. ამიტომ ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩამოვიფერთხოთ. პატიოსნება ამარცხებს ფულს, სიმართლე ამარცხებს უტიფრობას. ნიჭიერება ამარცხებს უნიჭობას, გამბედაობა ამარცხებს დაუნდობლობას“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ის თანამდებობას არ ეკიდება. ამასთან,მისი თქმით, ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზად არის მმართველობაში მოსვლისთვის.
„დღეს საქართველო ბევრად უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე 2003 წელს იყო! – გარეთ რომ ვიყო და საქართველოში გადაადგილება შემეძლოს, ამათ ერთ კვირაში დავასრულებდი! საბრძოლო ფორმაში ვარ, ხალხისგან ძალიან დიდ მხარდაჭერასა და ენერგიას ვგრძნობ და მზად ვარ, საქართველოს უმძიმესი კრიზისიდან ამოთრევაში ხელახლა მივიღო მონაწილეობა! მე რომ თანამდებობას არ ვეკიდები, ეს იქიდან ჩანს, რომ 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავაბარე, ასევე იყო 2007 წელს, რაზეც დღეს არის ეს ე.წ. პროცესი – მაშინ თბილისში აქციები პატარკაციშვილის დაფინანსებით, რომელიც რუსი კრიმინალი ოლიგარქი იყო და ქართველი კანონიერი ქურდების დაფინანსებით მოეწყო. ამის შემდეგ პრეზიდენტობიდან გადავდექი და ჩემი ბედი ქართველ ხალხსა და ამომრჩეველს გადავაბარე. ყველამ საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, იქნებოდა თუ არა ქვეყანა ბევრად უფრო მდიდარი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? გავიდოდა თუ არა ქვეყნიდან 700 000 ადამიანი და დაბრუნდებოდა თუ არა უკვე გასულების ნაწილი უკან, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? იარსებებდა თუ არა მეტი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? იქნებოდა თუ არა საქართველო განუზომლად მაგარი ქვეყანა, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? დაბრუნდებოდა თუ არა ქვეყანაში კორუფცია და კრიმინალი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? მოვატანინებდი თუ არა უკან თითოეულ მოპარულ თეთრს, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? იქნებოდა თუ არა საქართველო აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში ყველაზე ახლო მეგობრებს შორის, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? იქნებოდა თუ არა საქართველოში 800 000 სოციალურად დაუცველი პირი, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? ექნებოდა თუ არა საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაცია, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო? – აქ კურსის გაგრძელებაზეა საუბარი და არა ჩემი მმართველობის და ჩემი თანამდებობაზე ყოფნის გაგრძელებაზე! ეს ჩვენს მომავალსაც ეხება! ამ კითხვაზე პასუხი არის ჭეშმარიტება. ყველაფერი დანარჩენი არის პროპაგანდისტული ნისლი და რუსულ-ქოცური ნარატივის გამეორება ან ბიპოლარული აშლილობის გამოვლინება. სიმართლე იმაშია, გარდა გაუბედურებული, ნამუსახდილი და ნამუსდაკარგული ადამიანებისა, ვინც მაგალითად, დაცარიელებულ ცაგერში აიპსა და სსიპ-შია გაფორმებული და 350 ლარს იღებს, მიშტერებულია “იმედს“ და იმეორებს, რომ ევროპა გვრყვნის და სისხლიანი 9 წელი იყო…. გუშინ აჩვენეს, რომ რაჭიდან მოსახლეობის 2/3 არის გასული, მიგდებული თანხა ძლივს ყოფნის, ხორცს მაინც ვერ ყიდულობს, ინფრასტრუქტურა მთლიანად მონგრეულია და ინტერვიუს დროს ამტკიცებს, “ყველაფერი კარგად არის“. როგორ უნდა გამოიშტერო ადამიანმა თავი! მაგრამ ასეთი მხოლოდ რამდენიმე პროცენტია და უნდათ, რომ ყველანი ასეთები ვიყოთ!
არსებობს აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ყველაფერში მშვენივრად გარკვეულია და მხარს უჭერს ჩემს კურსს, რადგან მის ცხოვრებაში იმ ცხრა წელზე უკეთესი არაფერი უნახავს. ასევე არსებობს მიშას თაობა – ასპარეზზე ახალგამოსული თაობა, რომელიც სულ უფრო უკეთესად ერკვევა მაშინდელი რეფორმების მნიშვნელობაში და რუსულ-ქოცურ პროპაგანდისტულ კლიშეებს აღარ ჭამს. არსებობს მდუმარე უმრავლესობა, რომელიც ჩემი სახელის ხსენებაზე დააკომპლექსეს, მაგრამ ძალიან სწრაფად თავისუფლდება ამ კომპლექსისგან. მე ბევრი გესაუბრეთ წარსულზე, მაგრამ მე არ გეპატიჟებით წარსულში. მე თქვენთან ერთად ვემზადები მომავლისთვის და უკეთ ვხედავ მომავალს.
მე არც ერთი თანამდებობა არ მინდა, მაგრამ უნდა დაფასდეს შრომა, უამრავი გამოცდილი პატრიოტი ადამიანი. მასთან ერთად განსაკუთრებული როლი უნდა მოვაკუთვნოთ ახალგაზრდობას , რომლის საუკეთესო ნაწილმა დაამტკიცა, რომ მზად არის მმართველობაში მოსვლისთვის,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.