„სამწუხაროდ, მაშინ, როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემა არის მოსაგვარებელი, ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდება, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტები. ბოლო 2 წლის განმავლობაში 5 ათასამდე ფაქტი არის დაფიქსირებული, ეს არის შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სახელმწიფო უწყებების შენობები, მეტროს ამოსასვლელები, გაჩერებები და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა ჩვენ თხოვნით მივმართავთ პარლამენტს, რომ აღნიშნული მიმართულებით კანონი გამკაცრდეს.
გარდა ამისა, მე რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან მქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც პრობლემის მოგვარების გზებზე ვიმსჯელეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესშია აქტიურად ჩაერთვებიან შსს-ის წარმომადგენლები.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს. ამ მიმართულებითაც იყო გარკვეული პრობლემები“,-განაცხადა კალაძემ.
მან შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ მკაცრად აღსრულდეს კანონით გათვალისწინებული ნორმები და დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები.
„მინდა ვთხოვო „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს, გიორგი პაპავას, ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი გაწმენდითი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ 2 კვირის განმავლობაში შესაძლებლობის ფარგლებში მოწესრიგებული იყოს ფასადები, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს,”-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.