პენტაგონმა შეერთებული შტატების 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელდა.

განახლებული სტრატეგიის მიხედვით, ქვეყნის უმთავრესი ამოცანა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.

თავდაცვის დეპარტამენტი ოთხ ძირითად მიმართულებას გამოყოფს: აშშ-ის ტერიტორიის დაცვას, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავებას ძალის დემონსტრირების გზით და არა პირდაპირი დაპირისპირებით, მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის პასუხისმგებლობების უფრო სამართლიან განაწილებას და ამერიკული თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარი პრიორიტეტი სამშობლოს დაცვაა. სწორედ ამ მიზანს მიანიჭებს თავდაცვის დეპარტამენტი უპირატესობას, მათ შორის დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკული ინტერესების დაცვას. სტრატეგია ითვალისწინებს აშშ-ის სამხედრო და კომერციული წვდომის უზრუნველყოფას სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში, მათ შორის პანამის არხზე, ამერიკის ყურესა და გრენლანდიაში. ასევე ხაზგასმულია მონროს დოქტრინის თანამედროვე პირობებში მხარდაჭერის აუცილებლობა.

ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, ევროპამ უსაფრთხოების გამოწვევებზე პასუხის გაცემისას საკუთარი თავდაცვისთვის მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ დაეხმარება ნატო-ს ევროპელ მოკავშირეებს, რათა მათ კონტინენტის უსაფრთხოებაზე წამყვანი როლი შეასრულონ, ხოლო ვაშინგტონი უზრუნველყოფს მხოლოდ მნიშვნელოვან, თუმცა შეზღუდულ მხარდაჭერას. ეს მიდგომა მოიცავს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობის ძირითადად ევროპის მიერ აღებას. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა დასრულდეს და ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა ევროპას ეკისრება. პარალელურად, თავდაცვის დეპარტამენტი მოკავშირეებთან თანამშრომლობით იმუშავებს თავდაცვის ხარჯებზე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, ასევე ტრანსატლანტიკური თავდაცვითი და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ბარიერების შემცირებაზე, რათა კოლექტიური თავდაცვითი შესაძლებლობები მაქსიმალურად გაიზარდოს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად ევროპის მნიშვნელობისა, მისი წილი გლობალურ ეკონომიკურ ძალაში თანდათან მცირდება.

სტრატეგიაში ცალკე არის განხილული რუსეთის საკითხიც. აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებისთვის კვლავ მუდმივ, თუმცა კონტროლირებად საფრთხედ დარჩება.

დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დემოგრაფიულ და ეკონომიკურ სირთულეებს აწყდება, უკრაინაში მიმდინარე ომმა აჩვენა, რომ მას ჯერ კიდევ გააჩნია მნიშვნელოვანი სამხედრო და სამრეწველო რესურსები. ასევე ხაზგასმულია რუსეთის მზადყოფნა ხანგრძლივი კონფლიქტის გასაგრძელებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო აქტივობა ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაზეა კონცენტრირებული, ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი აქვს, რომლის გამოყენების პოტენციალიც აშშ-ის წინააღმდეგ არსებობს.

თავდაცვის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ნატო-ს ფარგლებში მნიშვნელოვან როლს მომავალშიც შეინარჩუნებს.

სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვს არ გააჩნია შესაძლებლობა ევროპის ჰეგემონიას დაუპირისპირდეს. ევროპული ნატო ეკონომიკური პოტენციალით, მოსახლეობითა და სამხედრო შესაძლებლობებით რუსეთს მნიშვნელოვნად აღემატება, ხოლო ალიანსის ევროპელი წევრები საერთო ჯამში გაცილებით ძლიერები არიან.

ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი და ჩინეთის შეკავების პოლიტიკა.

დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტი ტრამპი ისწრაფვის ჩინეთთან სტაბილური მშვიდობის, სამართლიანი ვაჭრობისა და დაბალანსებული ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ და მზადყოფნას გამოთქვამს ამ მიზნების მისაღწევად პრეზიდენტ სი ძინპინთან უშუალო თანამშრომლობისთვის. ამასთან, ხაზგასმულია მოლაპარაკებების წარმოების მნიშვნელობა ძალის პოზიციიდან. თავდაცვის დეპარტამენტი მხარს დაუჭერს ჩინეთთან სტრატეგიულ სტაბილურობასა და დეესკალაციას, თუმცა რეალისტურად აფასებს ჩინეთის მასშტაბურ სამხედრო გაძლიერებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მიზანი ჩინეთზე დომინირება არ არის — მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, უპირატესობის მოპოვება შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე.