უკრაინული მედია, ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრნობით, 25 იანვრის ღამეს უკრაინაზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ქვეყანას „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით, „С-300“ ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით და 102 დრონით შეუტიეს. საჰაერო ძალებმა 87 უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს. როგორც ისინი აცხადებენ,დრონებით დარტყმა 10 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
უკრაინის პრეზიდენტი,ვოლოდიმი ზელენსკი აცხადებს,რომ მხოლოდ ამ კვირაში,უკრაინის წინააღმდეგ 1 700-ზე მეტი თავდასხმის დრონი, 1380-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 69 რაკეტა გაუშვეს. მისი თქმით,რუსეთის მთავარი სამიზნეები ენერგეტიკული სექტორი, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობებია.
„რუსეთის მიერ განხორციელებული ყოველი მასიური თავდასხმა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ არის ყოველდღიურად საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები და ვაგრძელებთ შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან თანამშრომლობას ჩვენი ცის უფრო ძლიერი დაცვის უზრუნველსაყოფად“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.