ევროკავშირში რუსი დიპლომატების წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომები ამოქმედდა,რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სანქციების პაკეტის ფარგლებში იქნა მიღებული. ახალი რეგულაციების თანახმად,25 იანვრიდან,რუსეთის დიპლომატიურ კორპუსს შენგენის ზონაში გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდება.
რუსი დიპლომატები,საკონსულო პერსონალი და მათი ოჯახის წევრები ვალდებული არიან,მინიმუმ 24 საათით ადრე აცნობონ ევროკავშირის წევრ ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ გეგმავენ მგზავრობას ან ტრანზიტს იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც აკრედიტაცია არ აქვთ.
გარდა ამისა, ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს უფლება ეძლევათ, რუსი დიპლომატებისთვის შემოიღონ დამატებითი მოთხოვნები – მათ შორის, სპეციალური ნებართვის მიღება ქვეყანაში შესასვლელად, მაშინაც კი, თუ მათ უკვე აქვთ სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.
,,ამ ვალდებულების მიზანია უზრუნველყოს,რომ წევრი სახელმწიფოები ინფორმირებულნი იყვნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდამჭერი სულ უფრო მტრული სადაზვერვო საქმიანობის ფონზე,”-ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ 23 ოქტომბრის სხდომის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაში.
ევროკავშირის განცხადებით,შენგენის ზონაში დიპლომატების თავისუფალი გადაადგილება აკრედიტაციის ქვეყნის გარეთ რუს დიპლომატებს საშუალებას აძლევდა ,,ჩაერთონ ფარულ საქმიანობაში,როგორიცაა ჯაშუშობა და დეზინფორმაციის გავრცელება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაწეული ომის შესახებ,საზოგადოებრივი აზრის დამახინჯების მიზნით.”