წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს განხორციელებული ვიზიტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
„2024 წლის 28 ნოემბრამდე, გამოკითხული დაკავებული პირების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, რომლებიც იმყოფებოდნენ ან მანამდე იყვნენ ნამყოფი წინასწარი დაკავების იზოლატორებში, განაცხადა, რომ პოლიცია მათ სწორად მოეპყრო. ამის საპირისპიროდ, CPT-ს მრავლად მიეწოდა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები, როდესაც 2024 წლის 29 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირები გამოკითხა. გამოკითხულ პირთა უმეტესობას აღენიშნებოდა თვალსაჩინო დაზიანებები, რომელთაგან ზოგიერთს მძიმე დაზიანებები ჰქონდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, ცემა განმეორდა, ერთდროულად რამდენიმე ოფიცრის მიერ, მათ შორის მაშინ, როდესაც პირებს ხელბორკილებიანი ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შემოწყობილი. თითქმის ყველა შემთხვევაში, ძალადობა შეწყდა მას შემდეგ, რაც პირები გადასცეს პოლიციელებს, რომლებსაც ნიღბები არ ეკეთათ.”
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირთა დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა.
„კომიტეტი კიდევ ერთხელ იმეორებს თავის დიდი ხნის რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირთა დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა. ძალადობის რაიმე ფორმას არასდროს არ აქვს გამართლება იმ პირთა მიმართ, რომლებიც პოლიციის ოფიცრების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.
საქართველოში ციხის რეჟიმების განვითარებაში რეალური პროგრესის არარსებობა ხელისუფლების ნამდვილ მარცხს წარმოადგენს. პატიმრებისთვის, როგორც წესი, არ იყო ორგანიზებული საკნის გარეთ აქტივობები, ბევრი მათგანი დღეში 23 საათამდე იყო გამოკეტილი საკნებში – გარდა მე-15 საპყრობილის პატიმრებისა. გარდა ამისა, ბევრი პატიმარი თვეების, თუ არა წლების განმავლობაში, იმყოფებოდა სამარტოო საკანში, ადამიანებთან ძალიან შეზღუდული კონტაქტით და ხშირად მუდმივი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. ეს მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს მიზანმიმართული აქტივობების პროგრამები ყველა პატიმრისთვის და უზრუნველყოს რისკის შეფასებისა და ინდივიდუალური სასჯელის დაგეგმვის ზომების სრული განხორციელება, როგორც ეს გათვალისწინებულია სასჯელაღსრულების კოდექსით.
კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა პატიმარს კვირაში მინიმუმ ერთი საათი უნდა ჰქონდეს ვიზიტის დრო და რომ ციხის ვიზიტების პირობები გაუმჯობესდეს ისე, რომ, როგორც წესი, ღია ვიზიტების შესაძლებლობა იყოს,”- აღნიშნულია ანგარიშში.