ვითარება ახლო აღმოსავლეთში ისევ რთულია – ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, იერიშის პირველი ტალღის სამიზნედ თეირანსა და თავრიზში ის ცენტრალური სამეთაურო ცენტრები იქცა, სადაც „ირანის ტერორისტული რეჟიმის მებრძოლები იყვნენ განლაგებული“. დარტყმების მეორე ტალღის სამიზნედ კი ლიბანი იყო. იერიშები განხორციელდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბან დაჰიეზეც. მიზანი „ჰეზბოლას“ კუთვნილი ინფრასტრუქტურის განადგურება იყო. ისრაელის მიმართულებით ერთდროულად რამდენიმე რაკეტა გაუშვა ირანმა. ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის ბაზას ორი რაკეტა ესროლეს. მათივე განცხადებით, უწყვეტი, მიზანმიმართული და ძლიერი დარტყმები იქამდე გაგრძელდება, სანამ ომის ჩრდილი ირანიდან არ გაქრება. ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ მათი შემდეგი სამიზნე რეგიონში აშშ-სა და ისრაელთან დაკავშირებული ეკონომიკური და საბანკო ობიექტები იქნება. განცხადებას ირანის შეიარაღებული ძ
ალების გაერთიანებული სარდლობაზე დაყრდნობით „სქაი ნიუსი“ ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მუქარა უკავშირდება ირანში მდებარე ერთ-ერთ ბანკზე განხორციელებულ თავდასხმას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირანმა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რომ საბანკო დაწესებულებებთან ახლოს ყოფნისგან თავი შეიკავონ.