აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთაშორისო შუამავლების მიერ მომზადებულ 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტს აღნიშნულ წინადადებაზე ხელი არ მოუწერია. მისი თქმით, „ეს მრავალი იდეიდან ერთ-ერთია“, ხოლო პარალელურად აშშ-ის სამხედრო ოპერაციები ირანში სწრაფი ტემპით გრძელდება.

ამავე ცნობებით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მიმდინარე ომთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს თეთრ სახლში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

 ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლესი წინადადება უარყო ირანმაც. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით თეირანმა აშშ-ისთვის განკუთვნილი პასუხი პაკისტანის მეშვეობით გადააგზავნა.

IRNA-ს ინფორმაციით, ირანის პოზიცია 10-პუნქტიან წინადადებას მოიცავს და იგი რეგიონში ხანგრძლივი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას უსვამს ხაზს. დოკუმენტში ასევე საუბარია სამხედრო მოქმედებების დასრულებაზე, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო საზღვაო გადაადგილების პროტოკოლის შექმნაზე, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნასა და ქვეყნის აღდგენა-რეკონსტრუქციაზე.

ამასთან, კაიროში ირანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა Associated Press-თან განაცხადა, რომ თეირანი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტას არ განიხილავს და ომის დასრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუ უზრუნველყოფილი იქნება გარანტიები, რომ ქვეყანაზე თავდასხმა აღარ განხორციელდება.

CNN-ის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი ასრულებდნენ, თუმცა არაპირდაპირი მოლაპარაკებები გასულ კვირას შეჩერდა, ხოლო პირისპირ შეხვედრისთვის მზადების პროცესი, როგორც ირკვევა, შეწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით, წინადადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სახელზე იყო გაგზავნილი.

ამასთან, Reuters-ის ცნობით, ირანსა და აშშ-ს შორის საომარი მოქმედებების დასრულებისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პროექტიც განიხილებოდა.  მანამდე კი Axios-ი იუწყებოდა, რომ აშშ, ირანი და რეგიონული შუამავლები 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას განიხილავდნენ, როგორც ორფაზიანი შეთანხმების ნაწილს, რომელიც საბოლოო მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად.