აშშ-ში თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სადილზე ინციდენტი მოხდა.  შემთხვევის გამო ადგილიდან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის, ევაკუაცა განხორციელდა.

გამოძიების ინფორმაცით, 31 წლის კოულ ტომას ალენიამ, რომელიც ლოს-ანჯელესის მკვიდრია, უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნა. მან თოფიდან ესროლა საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთ აგენტს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაშავებული ოფიცერი ტყვიაგაუმტარი ჟილეტით იყო დაცული და ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტის შემდეგ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, მომხდარი ირანთან მიმდინარე დაძაბულობას არ უკავშირდება, თუმცა არ გამორიცხა, რომ მისი პოლიტიკა გარკვეულ რისკებს ქმნის და მას სამიზნედ აქცევს:

„როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებ, სამიზნე ხდები. მე რომ არ გამეკეთებინა ეს, ვფიქრობ, ბევრად ნაკლებად ვიქნებოდი სამიზნე, მაგრამ ეს ჩემთვის პატივია.”

ტრამპის მტკიცებით, მომხდარი მას ირანის წინააღმდეგ ომის მოგებაში ხელს არ შეუშლის.

„ეს ირანში ომის მოგებაში ხელს ვერ შემიშლის. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე კავშირი, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე, იმის გათვალისწინებით, რაც ვიცით.”

ტრამპმა დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია და აღნიშნა:

„ის აიყვანეს. ის ავადმყოფია. ძალიან ავადმყოფი ადამიანია. ღონისძიებას გადავავადებთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენს საზოგადოებაზე კონტროლი დააწესოს. არ ვაპირებთ რაღაცების გაუქმებას.”

ოფიციალური პირების ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. პოლიციის ინფორმაციით, მას თან ჰქონდა თოფი, პისტოლეტი და რამდენიმე დანა.

კოულ ტომას ალენიას ბრალს ოფიციალურად ორშაბათს წაუყენებენ.

რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, გამოცემა CBS წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  ეჭვმიტანილმა დაკავების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებთან განაცხადა, რომ მისი სამიზნე არა უშუალოდ დონალდ ტრამპი, არამედ მისი ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ. 

ცნობისთვის, ყოველწლიური ღონისძიება ვაშინგტონ ჰილტონის სასტუმროში გაიმართა, რომელსაც ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მედიისა და მთავრობის ასობით წარმომადგენელი. სადილს, საერთო ჯამში, დაახლოებით 2 600 ადამიანი ესწრებოდა.

როგორც Reuters-ი წერს, ტრამპი ბოიკოტს უცხადებდა ღონისძიებას როგორც პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, ასევე 2025 წელსაც. 

გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილი დიდი ხანია აშშ-ის პრეზიდენტებსა და პრესას შორის არსებული არასტაბილური, მაგრამ მდგრადი ურთიერთობის სიმბოლოა. 1921 წელს დაარსებულ ყოველწლიურ ღონისძიებას ჟურნალისტები, მთავრობის მაღალჩინოსნები და სამოქალაქო პირები ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ იგივე ლოკაცია დაკავშირებულია კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენასთან. 1981 წლის 30 მარტს, იმავე სასტუმროში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი დაჭრეს. დამნაშავე ჯონ ჰინკლ უმცროსმა მას სწორედ მაშინ ესროლა, როდესაც რეიგანი სასტუმროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლიმუზინში ბრუნდებოდა.