პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ გელა გელაძეს მოუსმენენ და მის კანდიდატურას კენჭსაც უყრიან. მანამდე დეპუტატები ცნობად მიიღებენ მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კანდიდატურა ბიუროს სხდომაზე წარედგინება, რის შემდეგაც საკითხს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი განიხილავს და საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება. სუს-ის უფროსს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

საკითხს პარლამენტში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენელმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ვერ ასრულებს ინსტიტუციურ ფუნქციას და მასზე პოლიტიკური გავლენები შეინიშნება. მან გააკრიტიკა უწყებაში ხელმძღვანელების ხშირი ცვლილება და აღნიშნა, რომ სამსახური, მისი თქმით, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას და არა კონკრეტული ინტერესების განხორციელებას.

მმართველი გუნდის მხრიდან კი შეფასებები საპირისპიროა. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პერიოდში სუს-ში მნიშვნელოვან შედეგებს მიიღწიეს, მათ შორის იყო ოპერატიული შესაძლებლობების ზრდა, კორუფციასთან ბრძოლა, ჯაშუშური და ტერორისტული საქმიანობის გამოვლენა, ასევე ტექნიკური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება.