დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა. კანდიდატს უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრული კრიტერიუმები: იყოს ქართველი, მღვდელმთავარი და ბერი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და მართვის გამოცდილება, ასევე იყოს 40-დან 70 წლამდე ასაკის. თითოეულ სინოდის წევრს შეუძლია ერთი კანდიდატის, მათ შორის საკუთარი თავის წარდგენა.
სინოდის მიერ შერჩეული სამი კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს გაფართოებულ კრებაში, სადაც პატრიარქს მხოლოდ მღვდელმთავრები აირჩევენ. გამარჯვებისთვის საჭიროა ხმების ნახევარზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური ორ საუკეთესო კანდიდატს შორის. გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღიდან მაქსიმუმ ორ თვემდე პერიოდში, ხოლო მისი თარიღი, სავარაუდოდ, დღესვე განისაზღვრება.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პროცესში მკაცრად უნდა იყოს დაცული დადგენილი წესები და სინოდს არ აქვს უფლება შეცვალოს მოქმედი დებულება. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკობრივი ზღვრის დაცვა, რომლის მიხედვითაც კანდიდატი 70 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
სინოდის სხდომის დაწყებამდე ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა აღნიშნა, რომ მღვდელმთავრები უკვე ჩამოყალიბებულნი არიან საკუთარი არჩევანის შესახებ. მისი თქმით, დღევანდელი დღე ისტორიულია და არ არის გამორიცხული, რომ დღესვე გადაწყდეს გაფართოებული კრების თარიღი და ინტრონიზაციის საკითხიც.
ამასთან, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ ჰყავს საკუთარი კანდიდატი და პროცესის შედეგი დამოკიდებული იქნება სინოდის მსვლელობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ასაკობრივი ზღვარი შეიძლება გახდეს განხილვის საგანი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდი მიიღებს.